სანიოლი: ჩეხეთში საბრძოლველად მივდივართ

© Courtesy of Georgian Football Federation ვილი სანიოლი და ხვიჩა კვარაცხელია
ვილი სანიოლი და ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2024
გამოწერა
საქართველო-ჩეხეთის მატჩი ოლომოუცში 19 ნოემბერს გაიმართება
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ჩეხეთში უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის ჩასატარებლად მიდის, რათა A დივიზიონში გასვლისთვის იბრძოლოს, განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრანგმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე.
16 ნოემბერს, ბათუმში გამართულ უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში საქართველო უკრაინას დაუზავდა - 1:1. იგივე შედეგით დასრულდა მეორე თამაში B1 ჯგუფში, სადაც ალბანეთმა საკუთარ მოედანზე ჩეხეთს უმასპინძლა. ჯგუფში პირველი ადგილის ბედი 19 ნოემბერს ფინალურ ტურში გადაწყდება. ამ დღეს საქართველო ჩეხეთს, ალბანეთი კი უკრაინას დაუპირისპირდება.
„ერთა ლიგა იმითიც არის მნიშვნელოვანი, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მოსამზადებელი ეტაპია. მიზანი? 5 წლის წინ საქართველო D დივიზიონში იყო, ახლა კი, შესაძლოა, A დივიზიონში აღზევდეს. ჩვენ ჩეხეთში საბრძოლველად მივდივართ", - განაცხადა სანიოლმა.
მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდმა მეორე ტაიმში თამაშის მაღალი დონე აჩვენა - ერთ-ერთი საუკეთესო მისი საქართველოში ყოფნის პერიოდში.
„თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ გოლი გავუშვით და ამას არცთუ კარგი 20 წუთი მოჰყვა. გუნდმა მაღალი სტანდარტის ფეხბურთი ბოლოს აჩვენა. საქართველოში ჩემი ყოფნის პერიოდში ეს მეორე ტაიმი ერთ-ერთი საუკეთესო იყო", - განაცხადა სანიოლმა.
როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ხუთივე ფეხბურთელმა კარგად ითამაშა.
„მიმაჩნია, რომ მეტს ვიმსახურებდით, თუმცა ეს მეტი პატარა შეცდომების გამო ვერ მივიღეთ. შეცვლაზე შესულების კარგად თამაში უკვე ნიშნავს, რომ გუნდში ჯანსაღი ატმოსფერია, მაგრამ შედეგით ცოტა იმედგაცრუებულები ვართ", - განაცხადა სანიოლმა.
მისი თქმით, თუ საქართველო A დივიზიონში დაწინაურდება - ეს არ იქნება იმის მანიშნებელი, რომ ნაკრები ფანტასტიურია, ხოლო თუ В დივიზიონში დარჩება, უარესი.
„თუ გვინდა, რომ კიდევ ერთხელ მივიღოთ ევრო 2024-ის მსგავსი გამოცდილება, წინსვლა და განვითარება უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა სანიოლმა.
ერთა ლიგის ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს ჩეხეთთან გასვლაზე გამართავს. მატჩი ოლომოუცში 23:45 საათზე დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0