რუსეთმა დავით კეზერაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

© AFP 2024 / ANNE-CHRISTINE POUJOULATდავით კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2024
გამოწერა
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. დევნისა და დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა, სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეს და დაუსწრებლად დაკავებას.
სააკაშვილის მმართველობის პერიოდის თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილზე რუსეთში ძებნა გამოაცხადეს. მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. კეზერაშვილს განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობაში ედება ბრალი. გავრცელებული ინფორმაციით, კეზერაშვილი ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული.
„შევიტყვე ჩემი რუსეთში დაუსწრებლად „დაპატიმრების” ამბავი - ე.წ. საქმის დეტალები არც ვიცი და არც აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა, რა შეთხზეს ამჯერად ჩემი დევნისა და დისკრედიტაციისთვის", - დაწერა კეზერაშვილმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამშობლოში მის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ახლა ხელისუფლებამ რუსეთის ჩართვა გადაწყვიტა.
„საქართველოში აღძრეს არაერთი საქმე, აწარმოეს გაშავების კამპანიები ქვეყნის შიგნით და გარეთ. ახლა, როგორც ჩანს „უფროსი ძმაც” მოიხმეს დასახმარებლად", - დაწერა კეზერაშვილმა.
როგორც ექს-მინისტრმა აღნიშნა იგი იყო და იქნება რუსული ხელისუფლების მტერი.
დანაშულის მასშტაბი
2021-2024 წლებში საქართველოს პროკურატურამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ რამდენიმე ფართომასშტაბიანი ღონისძიება განახორციელა. ოპერაციებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე ქოლ-ცენტრში, ათობით ეჭვმიტანილის საცხოვრებელ ბინებში, ავტომობილებსა და სამუშაო ადგილებზე. ამოღებულია დოკუმენტები და დიდი ოდენობით თანხა.
საერთო ჯამში, ჯგუფური თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 89 ფიზიკური და შვიდი იურიდიული პირის მიმართ.
ყადაღა დაედო 90 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას.
დაზარალებულად აღიარეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასობით მოქალაქე, რომელთა ჯამურმა ზარალმა 30 მილიონ ლარს გადააჭარბა.
პროკურატურა მოსახლეობას მოუწოდებს, თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების შესაძლო ფუნქციონირების შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ სამართალდამცავ ორგანოებს.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
ვინ არის კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში მრავალი წელია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეკომპანია „ფორმულა" დააარსა - იგი არის ერთ-ერთი იმ სამი ახალი ტელეარხიდან, რომელიც მკვეთრად აკრიტიკებს ქვეყნის ხელისუფლებას. მმართველი პარტია აღნიშნულ ტელეკომპანიებს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სამსახურს უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0