რიყე–ნარიყალას საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

© Sputnik / Alexander Imedashviliრიყე-ნარიყალას საბაგირო
რიყე-ნარიყალას საბაგირო - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2024
გამოწერა
მერიის სამსახურის ცნობით, საბაგირო გზაზე ხვალიდან რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა ხვალიდან, 18 ნოემბრიდან მგზავრებს ვერ მოემსახურება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის ცნობით, 18 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისა და შეფერხებისთვის.
უწყების ცნობით, გორგოლაჭების სექციას ჩაუტარდება რევიზია და კაპიტალური შეკეთება, გამოიცვლება გორგოლაჭების ღერძები და საკისრები, დემონტაჟი და შემდეგ მონტაჟი ჩაუტარდება ამძრავ სადგურში მზიდი/საწევი ბაგირის დამჭიმი ჭაღის ჰიდრავლიკურ ცილინდრს, მოხდება ჰიდრავლიკური და სამუხრუჭე სისტემების რევიზია, მაღალი წნევის მილების გამოცვლა და ფარეხში გონდოლების სრული რევიზია.
ამასთან, უსაფრთხოების მიზნით, ზედა სადგურში არსებული დამცავი ბადე შეიცვლება ახლით, ვიბრაციაზე შემოწმდება სადგურები და ანძები, გამოიცდება საბაგირო გზაზე არსებული უსაფრთხოების სისტემები.
სამუშაოებს, ხელშეკრულების პირობების თანახმად, იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ სპეციალისტები ჩაატარებენ.
რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს ერთმანეთთან, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა.
საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს. საბაგირო დღეში საშუალოდ 2,5 ათას მგზავრს ემსახურება.
ყველა ახალი ამბავი
0