ოპოზიციამ თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა კარვებით გადაკეტა

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2024
გამოწერა
ოპოზიციის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ღამით მხარდამჭერებს სამომავლო გეგმებისა და „წინააღმდეგობის სხვა წერტილების“ შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ჭავჭავაძის გამზირზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ კარვები გაშალეს, მოძრაობა ნაწილობრივ გადაკეტილია, იუწყება „Sputnik საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.
საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ოპოზიციის ნაწილი და მისი მხარდამჭერები კვირას, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციაზე სახელწოდებით - „დაიბრუნე ხმა" შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეთა მეორე ნაწილმა ვაკის პარკიდან ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობა მოაწყო. მსვლელობის ორგანიზატორებმა, მოგვიანებით, თსუ-ის პირველი კორპუსის შენობასთან გაჩერება გადაწყვიტეს.
ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე სამი კარავია გაშლილი. აქციის მონაწილეებმა ვარაზისხევი გადაკეტეს. მათი თქმით, აქცია 24 საათი გაგრძელდება, შეკრებილები ღამის გათევას კარვებში აპირებენ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დროა შეწყდეს საპროტესტო სეირნობა, რადგანაც კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლის დრო დადგა.
„24 საათი ეს აქცია აქ იქნება", - განაცხადა გვარამიამ.
მოგვიანებით პოეტმა რატი ამაღლობელმა პარლამენტთან შეკრებილ მომიტინგეებს მოუწოდა, ჭავჭავაძის გამზირზე თანამოაზრეებს შეერთებოდნენ.
ოპოზიციის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ღამით მხარდამჭერებს სამომავლო გეგმებისა და „წინააღმდეგობის სხვა წერტილების“ შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ.
ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციაა მობილიზებული.
ყველა ახალი ამბავი
0