საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან თამაში ფრედ დაასრულა

© photo: Sputnik / Stringerქართველი ქომაგები თამაშს უყურებენ
ქართველი ქომაგები თამაშს უყურებენ - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2024
გამოწერა
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბათუმში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდა - 1:1.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო. ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ბუდუ ზივზივაძეს და შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდათ.
მეშვიდე წუთზე, მოედნის ცენტრში გიორგი ქოჩორაშვილის შეცდომის შემდეგ, უკრაინელმა ფეხბურთელებმა ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეს და მიხაილ მუდრიკის პასის შემდეგ, საქართველოს ნაკრების გამოცდილმა მცველმა, 32 წლის სოლომონ კვირკველიამ გოლი საკუთარ კარში გაიტანა.
მეორე ტაიმში გიორგი ქოჩორაშვილი მეტოქის საჯარიმოში უხეშად წააქციეს. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა, კრის კავანამ ჩათვალა, რომ დარღვევა არ ყოფილა და ტრუბინის კარში პენალტი არ დანიშნა.
კვარაცხელიას შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მისი უძლიერესი დარტყმა ძელს მოხვდა. ქართველი ფეხბურთელების ძალისხმევამ შედეგი მაინც გამოიღო: 76-ე წუთზე, ქოჩორაშვილის გადაცემის შემდეგ, შეცვლაზე გამოსულმა გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა - 1:1.
მსაჯის მიერ დამატებულ დროში დაწინაურების შანსი უკვე უკრაინელ ფეხბურთელებს მიეცათ. საქართველოს ნაკრები გადაარჩინა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც სახიფათო დარტყმა კარს ორჯერ ააცილა.
B1 ჯგუფის მეორე მატჩი ალბანეთისა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის თბილისის დროით 11:45 საათზე დაიწყება. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს შვიდი ქულა აქვს, ისევე როგორც ჩეხეთს. ალბანეთს ექვსი ქულა ჰყავს, უკრაინის ნაკრებს - ხუთი.
საქართველო შესარჩევი ეტაპის დასკვნით თამაშს 19 ნოემბერს სტუმრად ჩეხეთთან გამართავს.
ყველა ახალი ამბავი
0