კალანდარიშვილი: პროვოკაცია, ბოროტება და არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების არარსებობა

© CEC of Georgiaგიორგი კალანდარიშვილი
გიორგი კალანდარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2024
გამოწერა
დღევანდელ სხდომაზე მომხდართან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. რაც მოხდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომათა დარბაზში, სადაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამება მიმდინარეობდა, არის პროვოკაცია და დასტური იმისა, რომ ოპოზიციას არ გააჩნია არჩევნების გაყალბების რეალური მტკიცებულება, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკოს სხდომა 40 წუთით შეწყდა მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ კალანდარიშვილს სახეში შავი საღებავი შეასხა. კალანდარიშვილს თვალის არეში შესამჩნევი დაზიანება აღენიშნება, თუმცა ის სხდომათა დარბაზში დაბრუნდა.
„ის, რაც ჩვენ ვნახეთ დღეს, ეს არის სახე ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების - ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში, რომელმაც კიდევ ერთხელ საბოლოოდ და სამუდამოდ ჩამოიკიდა ის სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, ეს პროვოკაციები ადასტურებს, რომ საარჩევნო პროცესის საკითხში ცესკო პირნათელია.
„ამაზე ბევრად მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი ქმედებით, ასეთი ზეწოლით, ასეთი ბულინგითა და პირადი თავდასხმებით, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეალურად, არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული", - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ცესკოს სხდომა დასრულდა. მანამდე პროტესტის ნიშნად ის ოპოზიციის კიდევ ორმა წარმომადგენელმა დატოვა. მათ განაცხადეს რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნები გააყალბა.
ამასთან, სხდომის პარალელურად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარეობს ოპოზიციის მომხრეთა აქცია - ისნი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. დარჩენილი 61 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა:
„კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19 მანდატი
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16
„ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14
პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ამგვარად, მმართველმა პარტიამ რეკორდი მოხსნა და არჩევნების შედეგების მიხედვით მეოთხედ შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება - მან ამომრჩეველთა დაახლოებით 54%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.
ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. ისინი ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა.
პირველი, რაც ოპოზიციონერებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, არის ის, რომ კენჭისყრის დროს ფარული კენჭისყრის პრინციპი მასიურად დაირღვა, მეორეც, ვერიფიკაციის აპარატებით მაქინაციების გამოყენებით „კარუსელები“ მოხდა.
პირველ ბრალდებას ის არგუმენტი ამყარებდა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა ფარული კენჭისყრის პრინციპის დაცვას.
ბოლო სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა სარჩელები ფარული კენჭისყრის დარღვევის მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების შედეგების გაუქმების მოთხოვნით, პარასკევს გაიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
რაც შეეხება „კარუსელებს“, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები დუბლირებული იყო და ცალკეული ამომრჩევლები ხმას სხვისი დოკუმენტებით აძლევდნენ.
ოპოზიცია ითხოვდა ამომრჩეველთა კენჭისყრის მონაცემების გასაჯაროებას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის ჩატარება, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს.
ამ დროისთვის ვერიფიკაციის აპარატები დალუქულია პროკურატურის მიერ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს იძიებს.
ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა დაადასტურა ცესკოს სერვერებზე და უბნებზე გამოყენებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე განთავსებული სიების შესაბამისობა და ასევე გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.
ყველა ახალი ამბავი
0