ოპოზიცია ბოლოს მაინც შემოვა პარლამენტში - პრემიერი
23:29 15.11.2024 (განახლებულია: 23:45 15.11.2024)
© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომა
© Courtesy of Parliament of Georgia
გამოწერა
ოპოზიციას ყველა ის რესურსი დახარჯული აქვს, რომელიც მათ ოთხი წლის წინ ჰქონდათ, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც უარს აცხადებს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე, საბოლოოდ მაინც გამოიყენებს თავის საპარლამენტო მანდატს.
ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც ბარიერი გადალახა, არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ განაცხადა. კოალიციებმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ძლიერმა საქართველომ" პირდაპირ თქვეს, რომ უარს აცხადებენ მანდატებზე, ხოლო პარტიამ „საქართველოსთვის" ამჯობინა თავშეკავებული ფორმულირება, რომ არ აპირებენ ასეთი პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას.
„მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში. ეს არის ჩემი პროგნოზი“, - განაცხადა კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2,12 მილიონმა ადამიანმა გამოვიდა, მათგან „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა 1,1 მილიონმა ადამიანმა, აღნიშნა პრემიერმა.
„პოზიციის ლეგიტიმაცია რომ სჭირდებოდეს რომელიმე პარლამენტს რომელიმე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ იფუნქციონირებდა, შესაბამისად, ყველაფერი არის ძალიან მარტივად. შემოვლენ, არ შემოვლენ, ეს არის მათ გადასაწყვეტი. პარლამენტის ლეგიტიმაცია არის სახეზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, თუკი ოპოზიცია ბოლოს მაინც გადაწყვეტს გამოიყენოს სადეპუტატო მანდატები, პარლამენტს „ვერავითარ სიკეთეს ვერ მოუტანენ“.
„იმდენად დესტრუქციულები და რადიკალურები არიან თავის არსით, რომ მათი მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პრემიერის თქმით, ამას ბოლო ოთხი წელი ადასტურებს.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იმის მტკიცებით, რომ მოხდა გაყალბება.
ოპოზიციამ ბოიკოტი რამდენიმე თვის შემდეგ შეწყვიტა, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით, ხელისუფლებასთან 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების გაფორმების შემდეგ.
„მაშინ მათ ჰქონდათ რესურსი, რომ ჩვენ იძულების ქვეშ დავმდგარიყავით, შევსულიყავით მოლაპარაკებებში, ხელი მოგვეწერა არასწორ შეთანხმებაზე. ეს იყო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ჩარჩოდან ქვეყნის გასვლას“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ შეთანხმებას სამი ძირითადი მიზანი ჰქონდა - ოპოზიციისთვის სასამართლოზე გავლენის მოპოვების შესაძლებლობა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე კონტროლის უზრუნველყოფა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
19 აპრილის შეთანხმება ითვალისწინებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებას სასამართლოში ფართომასშტაბიანი რეფორმის გატარებამდე და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას, რომელთა მიხედვითაც პარლამენტის დეპუტატების მხოლოდ 2/3-ს შეეძლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დამტკიცება.
ასევე, ამ შეთანხმების მიხედვით, თუ მმართველი პარტია 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 43%-ზე მეტს ვერ მიიღებდა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო. „ქართულმა ოცნებამ“ იმ არჩევნებში ხმების 46,7% მიიღო.
ივლისის ბოლოს „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა შეთანხმება და განაცხადა, რომ ოპოზიციის უმრავლესობას ხელი არ მოუწერია მასზე. აღინიშნა, რომ შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება მმართველი პარტიისთვის შეურაცხმყოფელი იყო.
„პარლამენტი რეალურად ვერ ირჩევდა ცესკოს თავმჯდომარეს, რადგან იყო საჭირო კვალიფიციური უმრავლესობა, შესაბამისად, ოპოზიციონერი მოადგილე ხდებოდა ავტომატურ რეჟიმში ცესკოს თავმჯდომარე“, - განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, იმავე კვალიფიციური უმრავლესობის გამო პარლამენტი ვერ ირჩევდა ცესკოს სხვა წევრებსაც და ამიტომ უმრავლესობა ცესკოში ოპოზიციის ხელში გადადიოდა.
„შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში ანუ ოპოზიციის ხელში რომ ყოფილიყო ცესკოს უმრავლესობა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა. ის საბოტაჟი, რასაც ცდილობენ ისინი პარლამენტში, მოხდებოდა ცესკოში და არჩევნებს დაუკავშირდებოდა. არჩევნები საერთოდ ვერ შედგებოდა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია წააგებდა არჩევნებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, მაშინ ოპოზიცია ძლიერი იყო, ახლა კი მას არანაირი რესურსი არ აქვს.
„ისინი ახლა ცდილობენ, შევიდნენ ერთ მდინარეში მეორედ, რაც უბრალოდ შეუძლებელი და გამორიცხულია, ამიტომ მათ უკვე გაისროლეს ის ტყვიები, რაც დღეს უნდა გამოეყენებინათ. 4 წლის წინ რაც ჰქონდათ არსენალში, ყველა ტყვია გახარჯეს, შესაბამისად, დღევანდელ საბოტაჟს მათი მხრიდან არავითარი ეფექტი არ აქვს", - განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები-2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. კენჭისყრა 26 ოქტომბერს ჩატარდა.
არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ (53,93%). პარლამენტში შესულმა სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ და ერთმა პარტიამ, ცესკოს შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. არჩევნებში სულ 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა.