ახალი წლის აღნიშვნა თბილისს 8,6 მილიონი ლარი დაუჯდება

© photo: Sputnik / Stringerსაშობაო ბაზარი ათონელზე
საშობაო ბაზარი ათონელზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2024
გამოწერა
ღონისძიებების პროგრამა 2024 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. თბილისის მერია თბილისში რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტის და წინასაახალწლოდ ორბელიანის მოედანზე საშობაო სოფლის მოწყობაზე 8,6 მილიონი ლარს დახარჯავს, ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ბიუჯეტი ითვალისწინებს მომღერლების ჰონორარებს, საშობაო სოფლისთვის საახალწლო დეკორაციების, განათებების, სცენის, ყინულის მოედნის, გასართობი შოუს და სხვა მომსახურებების შესყიდვას.
2025 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით 2024 წლის 13 დეკემბრიდან 2025 წლის 15 იანვრის ჩათვლით, ქალაქ თბილისში, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე (მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, გიორგი ათონელის ქუჩა, იტალიის ქუჩა, ხაზინის ქუჩა, ფხოვის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა) მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია "საახალწლო ქალაქის" მოწყობას და მრავალფეროვანი გასართობი/სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს.
ღონისძიებების პროგრამა 2024 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე (შოთა რუსთაველის გამზირი) ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება. აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდება მოცულობითი დეკორაცია/ინსტალაცია, თემატური მორთულობები, ფოტოზონა, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, თაღები, დეკორირებული ნაძვის ხეები, საციგურაო ყინულის მოედანი შესაბამისი დეკორაციით.
ასევე მოეწყობა ხიდის, ქუჩების და ფასადების თემატური მორთულობები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, მრავალფეროვანი დეკორაცია/ბუტაფორია/რეკვიზიტი, ავეჯი საბავშვო სივრცისთვის, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, თოვლის ბაბუას (სანტას სახლი) და სახელოსნო. გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიება, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები.
ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა, "ტკბილეულის ფესტივალი", გამოფენა-გაყიდვა "თბილისის საშობაო ბაზარი", რომლის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა ტკბილეულის და კვების სივრცეები, გასტრონომიული ზონები.
გასულ წელს მერიამ საახალწლო ღონისძიებებზე 6,5 მლნ ლარი დახარჯა.
ყველა ახალი ამბავი
0