თბილისის ცენტრში ორი დღით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliრესპუბლიკის მოედანი
რესპუბლიკის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2024
გამოწერა
დედაქალაქის ცენტრში მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ბათუმში 16 ნოემბერს ჩანიშნული საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩია, რომლის ჩვენებაც რესპუბლიკის მოედანზე დადგმულ დიდ ეკრანებზე იგეგმება.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. 15 ნოემბრის 15:00 საათიდან, რესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
უეფას ერთა ლიგის მატჩი, რომელშიც საქართველოს ნაკრები უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, 16 ნოემბერს „ბათუმი არენაზე“ გაიმართება.
ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.
დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 15 ნოემბრის 15:00 საათიდან 17 ნოემბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს.
რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, გადაადგილებას შეძლებენ კვლავ რუსთაველის გამზირისკენ, ასევე, იმოძრავებენ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე, ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, კვლავ კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის საშუალებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით; N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ გადაადგილდება, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.
ყველა ახალი ამბავი
0