კალაძე: გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2024
გამოწერა
ევროპარლამენტის წევრმა რასა იუკნევიჩიანემ საქართველოს შესახებ დებატებზე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობა მხოლოდ საქართველოს „დებიძინიზაციის“ შემდეგ არის შესაძლებელი.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველო არ არის კოლონია და ქვეყნის ხელმძღვანელობას უცხოეთიდან ვერავინ დანიშნავს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ოთხშაბათს ევროპარლამენტის წევრმა რასა იუკნევიჩიანემ საქართველოს შესახებ დებატებზე განაცხადა, რომ რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიგო საპარლამენტო არჩევნები და რომ ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის „დებიძინიზაციის“ შემდეგ არის შესაძლებელი. ამაში ოპოზიცია და მისი დასავლელი პარტნიორები „ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქის“ - „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას გულისხმობენ.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. ჩვენ ამას ვისმენთ უკვე ძალიან დიდი ხანია“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ზოგ-ზოგიერთს ჰგონია, რომ საქართველომ სუვერენიტეტზე უარი უნდა თქვას.
„ვიღაცებს ჰგონია, რომ საქართველო არის მათი კოლონია და თვითონ ბრიუსელში ან სადღაც რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ისე უნდა იყოს ყველა - ცალ ფეხზე უნდა იდგეს, უნდა დაითმოს ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და ინტერესები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ხელისუფლებას ირჩევს ხალხი, და ამ ხალხმა 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ აირჩია.
„ამას უნდა შეეგუოს ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. დღეს მილიონ 120 ათასმა ადამიანმა „ქართულ ოცნებას“ ანდო ქვეყნის ბედი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ამომრჩევლებმა ეს არჩევანი იმიტომ გააკეთეს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია პირველ რიგში იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ქართველი ხალხის ინტერესებს ატარებს.
მერმა კატეგორიულად მიუღებელი უწოდა ზოგიერთი ევროპელი დეპუტატის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები არ იყო სამართლიანი და რომ ამიტომ აუცილებელია დარღვევების საერთაშორისო გამოძიება და დამნაშავეების წინააღმდეგ სანქციების დაწესება.
„2012 წლიდან ჩართული ვარ არჩევნებში და ასეთი მშვიდი წინასაარჩევნო გარემო არ მახსოვს. ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია“, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ არჩევნების დღეს იყო 25.000 დამკვირვებელი, ასევე 2000-მდე უცხოელი დამკვირვებელი, და ამდენივე წარმომადგენელი პარტიებიდან საარჩევნო კომისიებში.
„...ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, ხალხს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და იყო მრავალპარტიული. სხვა სპეკულაციური პოლიტიკური განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია იმიტომ, რომ თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა და თეთრზე გვიმტკიცებენ, შავიაო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საპარლამენტო არჩევნები-2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. კენჭისყრა 26 ოქტომბერს ჩატარდა.
არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ (53,93%). პარლამენტში შესულმა სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ და ერთმა პარტიამ, ცესკოს შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. არჩევნებში სულ 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
ყველა ახალი ამბავი
0