საქართველოს გამოფრქვევების შემცირების ამბიციური გეგმები გააჩნია - მინისტრის მოადგილე

© FB / National Environmental Agencyნინო თანდილაშვილი
ნინო თანდილაშვილი  - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2024
გამოწერა
თანდილაშვილმა ისაუბრა ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატური კონფერენციის მნიშვნელობაზე, რომელშიც ქართული დელეგაციაც მონაწილეობს
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს აქვს ამბიცია, 2030 წლამდე დაახლოებით ორჯერ შეამციროს სასათბურე აირების საკუთარი გაფრქვევები, რათა კლიმატის ცვლილებაში საკუთარი წვლილი გლობალურ დონეზე შეიტანოს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.
თანდილაშვილი გამოეხმაურა ბაქოში მიმდინარე გაეროს XXIX კონფერენციას, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ეძღვნება (11-22 ნოემბერი). ღონისძიებაში მონაწილეობს ქართული დელეგაცია პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, რომელიც გუშინ COP29-ის ლიდერთა სამიტზე წარდგა.
„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ 2030 წლამდე დაახლოებით გაანახევროს საკუთარი გაფრქვევები, იმისთვის, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალურ დონეზე კლიმატის ცვლილების მიმართულებით... საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, გამოაცხადა, რომ ის გახდება გაფრქვევებისგან ნეიტრალური ქვეყანა 2050 წლისთვის“, - განაცხადა თანდილაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ექსპერტის თქმით, კლიმატის ცვლილებას უარყოფითი ზეგავლენა აქვს ყოველდღიურობაზე, ეკონომიკის სექტორებზე, ამიტომაც კონფერენციის გამართვა ბაქოში ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის.
„საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც პირნათლად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს და რა თქმა უნდა, სათქმელიც ძალიან ბევრი გვაქვს“, - აღნიშნა მან.
რამდენს დახარჯავს საქართველოს ხელისუფლება კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაზე: ახალი ინფორმაცია>>
საქართველოში ემისიების შემცირების სტრატეგია 2023 წლის ივლისში წარადგინეს. საქართველოს მთავრობის მიერ 2023 წლის 24 აპრილს ოფიციალურად მიღებული დოკუმენტო ხელს უწყობს 2023-2025 წლების კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განახლებას.
ემისიების შემცირების პირველი გრძელვადიანი სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველო 2050 წლისთვის ნახშირბადისადმი ნეიტრალური ქვეყანა გახდეს.
„დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიის“ დოკუმენტი ემსახურება სასათბურე აირების ემისიების შემცირების შესაძლებლობების გამოვლენას და აღწერს პრიორიტეტულ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში (ენერგეტიკა, მშენებლობა, ტრანსპორტი, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების მართვა, მიწათსარგებლობა, ტყის მართვა).
სტრატეგია შეიმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ის სრულად შეესაბამება „პარიზის შეთანხმებას“ და ადაპტირებულია საქართველოს რეალობასთან.
ყველა ახალი ამბავი
0