ოპოზიციამ პარლამენტში ადგილების დროზე ადრე დათმობისთვის ბრძოლა დაიწყო
© United National Movementკოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები
© United National Movement
გამოწერა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკოს მიმართეს მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ გაიცეს მათზე დეპუტატის დროებითი მანდატი.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეუძლებელი უწოდა საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში შესული ოპოზიციონერების მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ოპოზიციონერები მოითხოვენ არ დაიწყოს მათი სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის პროცედურა.
ოპოზიციურმა გაერთიანებებმა „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკოსგან მოითხოვეს მათი პარტიული სიების გაუქმება, რომელშიც შედიან როგორც არჩეული დეპუტატები, ისე პარლამენტში დეპუტატობის კანდიდატები. კოალიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ კანონის მიხედვით, ამისთვის სიის თითოეული წევრის ინდივიდუალური განცხადება საკმარისია.
„საარჩევნო კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ მომართვის და არც პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ცესკოში მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია მასზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობს.
„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა მხარეებმა ზედმიწევნით იციან, რომ კანონმდებლობით ეს შეუძლებელია, მათ, ამ საკითხთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც არჩევნების შეფასებისას, მანიპულაციის გზა აირჩიეს, რითაც, სავარაუდოდ, ცესკოზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობენ", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა სხვა შემთხვევის მსგავსად, ამ საკითხთან მიმართებაშიც ზედმიწევნით დაიცავს კანონს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმარტა, რომ შესაძლებელია პარტიული სიის მხოლოდ იმ ნაწილის გაუქმება, სადაც პარლამენტში არშესული კანდიდატები დარჩნენ, ისიც მხოლოდ ახალი პარლამენტის შეკრების და ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. ასევე, ამ პროცედურის შემდეგ შესაძლებელია სიიდან საკუთარი კანდიდატურის ინდივიდუალური წესით ამოღება.
პარტიები „ხსნიან“ სიებს იმის გამო, რომ არჩეული დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში მათი ადგილები პარტიული სიიდან მომდევნო წევრმა არ დაიკავოს.
რაც შეეხება მანდატზე უარის თქმას, კანონის მიხედვით, ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ნებისმიერ მათგანს შეუძლია სათანადო განცხადებით მიმართოს პარლამენტს. დაკმაყოფილდეს თუ არა განცხადება, ამას პარლამენტი წყვეტს, განმარტა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიცია თავისას „აწვება"
ოპოზიციური გაერთიანებები „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ამტკიცებენ, რომ მათ უკვე აქვთ ყველა სამართლებრივი საფუძველი უარი თქვან „არალეგიტიმურ პარლამენტში" სადეპუტატო ადგილებზე ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებისა და XI მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებამდეც.
„პარლამენტი არის არალეგიტიმური, შესაბამისად, ამ პარლამენტში მონაწილეობა მიგვაჩნია არალეგიტიმურ ქმედებებში თანამონაწილეობად... ჩვენ ვერ შევძენთ ლეგიტიმაციას ჩვენი იქ ყოფნით", - განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტია „ახალის" და მფუძნებელმა ნიკა გვარამიამ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" პარტიული სია 82 ადამიანისგან შედგება, საიდანაც პარლამენტში შევიდა 20.
გვარამიამ როგორც აღნიშნა, ამ სიიდან არცერთი მათგანი არ აპირებს რაიმე ფორმით ითანამშრომლოს „რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს".
ყველა მათგანი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, პარტიის ოფისში შეიკრიბა და ტელეკამერების წინ ხელი მოაწერეს განცხადებებს ცესკოში წარსადგენად.
გვარამიას თქმით, ყველა განცხადება იურიდიული თვალსაზრისით გამართულია, ცესკოს და პარლამენტს, თავის მხრივ, შეუძლიათ დაიწყონ უკანონო გადაწყვეტილებების მიღება.
ის, რომ ოპოზიციის მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი აქვს, განაცხადა კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მოქალაქეს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს საჯარო თანამდებობა დაიკავოს თუ არა.
მან მტკიცებულებად მოიყვანა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ ის აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს“.
ბოკუჩავას თქმით, კონსტიტუციის ეს მუხლი კრძალავს პარტიული სიის წევრის სურვილის საწინააღმდეგოდ საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლის აღსრულებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან ორი დღის ვადაში ცესკო არეგისტრირებს პარლამენტის ახლადარჩეული წევრებს და მათზე დეპუტატის დროებით მანდატს გასცემს.
მისი თქმით, ყველა, ვინც კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაშია, ინდივიდუალური განცხადებით მიმართავენ ცესკოს, რათა არცერთი კანდიდატი კოალიციის სახელით არ გატარდეს რეგისტრაციაში და ცესკოსმ არ გადასცეს პარლამენტს განსახილველადაც კი.
„არჩევნების დღესვე ცხადი იყო, რომ აღნიშნული არჩევნები არ ასახავდა საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ ნებას. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" სახელით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობასა და უარს ვაცხადებთ საპარლამენტო მანდატებზე", - განაცხადა ბოკუჩავამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მოხდა საპარლამენტო არჩევნების ტოტალური გაყალბება.
„დარღვეული იყო კონსტიტუციის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ფარულობის სახით და შესაბამისად, არ იყო გამოხატული ქართველი ხალხის თავისუფალი ნება. ადგილი ჰქონდა უამრავ სხვა მაქინაციას და მასობრივ დარღვევას", - განაცხადა ბოკუჩავამ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. კენჭისყრა 26 ოქტომბერს ჩატარდა.
არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ (53,93%). პარლამენტში შესულმა სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ და ერთმა პარტიამ, ცესკოს შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ არჩევნებულ ტოტალურად გაყალბდა. არჩევნებში სულ 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.