ვილი სანიოლთან ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა

© photo: Sputnikვილი სანიოლი
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2024
გამოწერა
ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ნაკრები ავრცელებს.
ახალი კონტრაქტის თანახმად, ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2028 წლის ჩათვლით პერიოდში უხელმძღვანელებს.
სფფ-ის პრეზიდენტი ლევან იაკობაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სანიოლი ნაკრებთან ერთად მომავალში კიდევ უფრო მეტ შედეგებს მიაღწევს.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. ნაყოფიერი პერიოდი გვაქვს ვილი სანიოლთან ერთად და ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. მინდა მადლობა გადავუხადო მას და დარწმუნებული ვარ, მომავალში, საქართველოს ნაკრებთან ერთად კიდევ უფრო მეტი შედეგს მიაღწევს", - განაცხადა კობიაშვილმა.
როგორც სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა, ვილი სანიოლის მიმართ ბევრი ნაკრები და კლუბი იჩენს ინტერესს, შესაბამისად, მოხარულია, რომ მასთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა.
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აღნიშნავს, რომ საქართველოში თავს ბედნიერად გრძნობს და რაიმეს შეცვლის მიზეზი არ ჰქონია.
„მას შემდეგ, რაც ერთი ლამაზი ისტორია უკვე დავწერეთ, კიდევ ერთი მსგავსი ისტორიის დაწერა შეგვიძლია ახალ პროექტად მივიჩნიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეგვიძლია და მსურს ამის ნაწილი ვიყო. საქართველოს ნაკრები უკვე ანგარიშგასაწევი გუნდია ევროპაში და ამას უნდა მივეჩვიოთ. კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დონის გაუმჯობესება. გვსურს იმ გამოცდილების კიდევ ერთხელ გაზიარება, რომელიც გასულ ზაფხულს არა მხოლოდ გუნდმა, არამედ მთელმა ქვეყანამ მიიღო", - განაცხადა სანიოლმა.
ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 42 მატჩი ჩაატარა - 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 16-ჯერ დამარცხდა.
სანიოლს უკავშირდება საქართველოს ნაკრების ყველაზე წარმატებული პერიოდი. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ევრო 2024-ის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა. უეფას ერთა ლიგის C ლიგაში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის B ლიგაში ასპარეზობს.
2025 წლიდან ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის წილისყრა13 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფრანგი მწვრთნელი ვილი სანიოლი მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი – კანდიდატები ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა.
ყველა ახალი ამბავი
0