საეკლესიო კალენდარი: 12 ნოემბერი

© photo: Sputnik / Stringerსიონის ტაძარი
სიონის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2024
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოწამე იოთამ ზედგენიძის, მღვდელმოწამე ზინობის და მისი დის ზინობიას, მოციქულების ტერტის, მარკოზის, იუსტის და არტემის, 70-თაგანთა, მღვდელმოწამე მარკიანეს და მოწამე ევტროპიას ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
წმიდა იოთამ ზედგენიძე
წმიდა იოთამ ზედგენიძე სიმხნევით, სარწმუნოებითა და მეფის ერთგულებით ცნობილი აზნაურიშვილი იყო. კეთილმსახურებით აღზრდილ წმიდანს კარგად ესმოდა რომ მირონცხებული მეფის ერთგულება ქვეყნისა და წმიდა ეკლესიის სიყვარულს ნიშნავდა. 1446 წელს საქართველოს მეფედ აკურთხეს გიორგი VIII, ძე ალექსანდრე დიდისა. საქართველოში მდგომარეობა ისევ დაიძაბა. სამცხის ათაბაგი ყვარყვარე მეფეს განუდგა. 1463 წელს კი, ჩიხორთან გამარჯვების შემდეგ, ქუთაისის გამგებელმა ბაგრატმა იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი. 1465 წელს გიორგი მეფე სამცხეს წარემართა ყვარყვარე ათაბაგთან საომრად, მეფის ამალაში მყოფმა იოთამ ზედგენიძემ, შეიტყო მეფის წინააღმდეგ არსებული საზარელი შეთქმულების შესახებ და გააფრთხილა იგი. როცა ერთგულმა კარისკაცმა მართალი და უბოროტო მეფე მტყუვარ ქვეშევრდომთა ღალატში ვერ დაარწმუნა, შესთავაზა: „უკეთუ ვცბი და არა ჭეშმარიტ არს სიტყუა ჩემი, აწ გევედრები, რათა არა მოიკლა თავი ცუდად, არამედ ღამესა ამას მე დავწვე დაგებელსა შინა შენსა და უკეთუ მომკლან მე მგონებელთა შენთა მეფედ, გარნა ნუ დაივიწყებ ძეთა ჩემთა“. მეფე დათანხმდა, თუმცა სრულიად დარწმუნებული იყო, რომ იოთამ ზედგენიძის ეჭვიანობის მიზეზი სიყვარული და ერთგულება იყო და მას არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. „ღამესა ამას შემოვიდნენ მობირებულნი იგი და მოკლეს იოთამ და განერა მეფე მათგან“. დილით, როცა გიორგი სამეფო კარავში შევიდა, მისი საყვარელი კარისკაცი სისხლში ცურავდა. მან სინანულით დაიტირა იოთამი, მტრები კი შეიპყრა და „მოსწყვიდნა ყოველნი“. მადლიერმა მეფემ წყალობით აავსო წმიდა იოთამ ზედგენიძის შთამომავლობა.
მღვდელმოწამე ზინობი - ეგეის ეპისკოპოსი და ზინობია
მღვდელმოწამე ზინობი - ეგეის ეპისკოპოსი და ზინობია და-ძმანი იყვნენ. მართლმორწმუნე მშობლების მიერ ღვთისმოშიშებით აღზრდილმა და-ძმამ მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება გლახაკებს დაურიგეს. წმიდა ცხოვრებისათვის ზინობი ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ნეტარი მღვდელმთავარი დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას წარმართთა შორის და ღვთისგან ბოძებული ნიჭით უსასყიდლოდ კურნავდა სნეულებს. როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ზინობი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსის სამსჯავროზე წარადგინეს. ლისიუსის ბრძანებით მღვდელმთავარი ჯვარზე გააკრეს. ეპისკოპოსის დამ, ზინობიამ ამხილა მტარვალთა სისასტიკე და ახოვნად აღიარა ქრისტე. ამისთვის უღმრთოებმა მასაც მრავალგვარი სატანჯველები დაატეხეს თავს. მოწამეებს ბოლოს თავები მოჰკვეთეს. ხუცესმა ერმოგენმა უფლის რჩეულთა წმიდა ცხედრები მიწას მიაბარა. ეს მოხდა 285 წელს.
წმიდა მოციქულნი: ტერტიოსი, მარკოზი, იოსტოსი და არტემონი - სამოცდაათთაგანნი
წმიდა ტერტიოსი იკონიის მეორე ეპისკოპოსი იყო (წმიდა მოციქულ სოსიპატრეს შემდეგ). აქ მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე და ბოლოს მოწამეობრივად აღესრულა. წმიდა ტერტიოსს პავლე მოციქული ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში. წმიდა მარკოზი, იგივე იოანე, ბარნაბას ძმისწული, აპოლონიადის ეპისკოპოსი იყო, წმიდა იოსტოსი, ბარსაბად წოდებული, იოსებ დამწინდველის ძე ელეფთეროპოლის (სამხრეთ პალესტინა) ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული და იქვე პოვა მოწამეობრივი აღსასრული. წმიდა არტემონი ქალაქ ლუსტრის (ლიკაონია) ეპისკოპოსი იყო. დაუცხრომელი ღვაწლის შემდეგ მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
მღვდელმოწამე მარკიანე - სირაკუზელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე მარკიანე - სირაკუზელი ეპისკოპოსი, პეტრე მოციქულის მოწაფე იყო. იგი ღვთის სიტყვის საქადაგებლად სიცილიაში გაგზავნეს. წმიდა მარკიანე ქალაქ სირაკუზის მახლობლად გამოქვაბულში დამკვიდრდა და მოშურნედ ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას. ნეტარმა სიცოცხლე მოწამეობრივად დაასრულა - ის სირაკუზელმა იუდეველებმა მოკლეს იტალიის ქალაქ გაეტში (წმიდა მარკიანე 9 თებერვალსაც იხსენიება მარკელეს სახელით)
წმიდა მოწამე ევტროპია
წმიდა მოწამე ევტროპია ალექსანდრიაში აღესრულა დაახლოებით 250 წელს. იგი ხშირად ნახულობდა პყრობილ ქრისტიანებს და სატანჯველების დათმენისაკენ მოუწოდებდა. ამისთვის ისიც შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა უღმრთო მსაჯულის წინაშე მტკიცედ აღიარა ქრისტე, რისთვისაც სასტიკი სატანჯვე-ლებით ამოჰხადეს სული.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0