როგორ ეხმარება სახელმწიფო მაღალმთიან რეგიონებში მევენახეებს

© Georgian National Tourism Administrationლეჩხუმი
ლეჩხუმი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2024
გამოწერა
პროექტი შესაძლებლობას აძლევს მევენახეებს რაჭასა და ქვემო სვანეთში შექმნან მარნები და საკუთარი ყურძენი თავად გადაამუშაონ
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში ადგილობრივი მევენახეებისა და მეღვინეების დასახმარებლად სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის შედეგებს გაეცნო, იუწყება სააგენტოს პრეს-სამსახური.
მინისტრმა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საოჯახო მარანი „თამანი" დაათვალიერა, რომლის მფლობელი სოფლის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.
„ლეჩხუმი არის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხე მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით. წელს, რთველი აქაც წარმატებით ჩატარდა, 1000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. მაღალმთიან რეგიონებში ჩვენ ვახორციელებთ პროგრამას სამეწარმეო საქმიანობის განვითარების, მათ შორის მარნების შექმნის ხელშეწყობისთვის", - განაცხადა შამუგიამ.
პროექტი შესაძლებლობას აძლევს მევენახეებს რაჭასა და ქვემო სვანეთში შექმნან მარნები, საკუთარი ყურძენი თავად გადაამუშაონ და წარმოებული ღვინის რეალიზაციით, მეტი შემოსავლები მიიღონ.
ბენეფიციარები ლეჩხუმში სარგებლობენ პროგრამა „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის“ და ასევე სარგებლობს სახელმწიფო პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. მეწარმემ ბიზნესის განვითარებისთვის, სოფლის განვითარების სააგენტოსგან, დაახლოებით, 50 ათასი ლარი საგრანტო თანადაფინანსებაც მიიღო.
„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულება 59 ბენეფიციართან გაფორმდა. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 8,8 მლნ ლარზე მეტი, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 4,5 მლნ ლარს აჭარბებს.
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში 21 ბენეფიციარის ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 2,6 მლნ ლარზე მეტი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 1,4 მლნ ლარს აღემატება.
ყველა ახალი ამბავი
0