ეროვნულმა ბანკმა მოსახლეობა გაღარიბებას გადაარჩინა - თურნავა

© National Bank of Georgiaნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2024
გამოწერა
ეროვნულ ბანკს რომ არ გაეყიდა ვალუტა, მოხდებოდა ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა მოსახლეობას და ბიზნესს, განაცხადა თურნავამ
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს სავალუტო რეზერვების მკვეთრი შემცირება უკავშირდება ეროვნული ბანკის ზომებს, რომლებიც ლარის გაუფასურების თავიდან აცილების მიზნით გატარდა, რაც შესაძლოა გამოეწვია საპარლამენტო არჩევნების წინ ხელოვნური აჟიოტაჟის გამო შექმნილ მაღალ მოთხოვნას დოლარზე, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
ოქტომბერში რეზერვები 627,5 მილიონი დოლარით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს, მათ შორის აუქციონებზე 382,1 მლნ აშშ დოლარის გაყიდვას უკავშირდება.
„წინასაარჩევნოდ, მათ შორის ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გზით, რა თქმა უნდა, გაუარესდა მოლოდინები. გარკვეული არაპროგნოზირებადობის განცდა გაუჩინა ბაზრის მონაწილეებს, ამიტომ გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე და ასეთ დროს, მით უფრო, როცა ეს არ მომდინარეობს ეკონომიკური მიზეზებით, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს მღელვარება ჩავაქროთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ეროვნულ ბანკს რომ არ გაეყიდა ვალუტა, მოხდებოდა ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა მოსახლეობას და ბიზნესს, შეირყეოდა ნდობა ლარის მიმართ, რაც დიდი ძალისხმევით არის მიღწეული და ამის უკან შეტრიალება გაცილებით უფრო რთული იქნებოდა.
„ჩვენ, 8 ნოემბრის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან, გვაქვს წმინდა გაყიდვები 540 მილიონი დოლარი, მე არ გამოვრიცხავ და დარწმუნებულიც ვარ, ვინაიდან ჩაიარა აჟიოტაჟმა და ბაზარზე ზეწოლაც მოიხსნა, წლის ბოლომდე ჩვენ ამ დეფიციტს შევამცირებთ და ისევ შევძლებთ რეზერვების აღდგენას. წლის ბოლომდე სრულად, რა თქმა უნდა, ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ვითარება იძლევა იმის საშუალებაა, რომ ჩვენ შესყიდვები დავიწყოთ”, - განაცხადა ნათია თურნავამ.
საერთაშორისო რეზერვები 2024 წლის 31 ოქტომბრისთვის, წინასწარი მონაცემებით, შეადგენდა 4,1 მილიარდ აშშ დოლარს, რაც მინიმალური ნიშნულია 2022 წლის ივნისის შემდეგ, ნათქვამია მარეგულირებლის ვებსაიტზე.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 924,7 მლნ ლარით შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5 მლრდ 436,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0