Tbilisi energy-ის ათასობით აბონენტს გაზის გამათბობელი არასწორად აქვს დამონტაჟებული

© photo: Sputnik / Stringerელიავას ბაზრობა
ელიავას ბაზრობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2024
გამოწერა
„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზის დანადგარები, განსაკუთრებით ღია წვის კამერით, საშიშია სიცოცხლისთვის.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. გაზგამანაწილებელმა კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ 2,4 ათასი აბონენტის ბინაში გაზის დანადგარებით სარგებლობის დარღვევა აღმოაჩინა, განაცხადა ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში.
გაზის გაჟონვასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში აქტუალური ხდება ცივი ამინდების დადგომისთანავე, როდესაც მოსახლეობა იწყებს გაზის გამათბობლების გამოყენებას. გაზის გაჟონვა თბილისსა და რეგიონებში ადამიანების სიკვდილის მიზეზი ხდება. ერთ-ერთი ასეთი ტრაგედია 2019 წლის იანვარში დიდ დიღომში მოხდა. მაშინ დაღუპულებს შორის ბავშვებიც იყვნენ.
„დღეის მდგომარეობით Tbilisi energy-მ 191 ათასი აბონენტი გადაამოწმა, დაახლოებით 2,4 ათას აბონენტთან დარღვევა დაფიქსირდა. დარღვევა 2 ტიპისაა, ერთი – როდესაც კომპანიის წარმომადგენელი ხსნის რომელიმე დანადგარს, რადგანაც იგი არასწორადაა დამონტაჟებული, ან არ შეესაბამება დამონტაჟების და მოწყობის სტანდარტებს. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა დაახლოებით 2,1 ათას აბონენტთან", - განაცხადა გულეიშვილმა.
მისი თქმით, 144 აბონენტთან კომპანიის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს არასწორად დამონტაჟებული გაზის დანადგარის ჩახსნა, რის გამოც მათ ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად შეუწყდათ.
როგორც გულეიშვილმა განმარტა, მომხმარებლები ხშირად ჩივიან, რომ ქსელიდან დანადგარის ჩახსნა და მისი თავიდან დამონტაჟება გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
„ჩვენთანაც მოდიან კონსულტაციაზე, მაგრამ, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ როდესაც საქმე უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ეხება, ყველა რეკომენდაცია, რომელიც კომპანიის მხრიდანაა გაცემული, აუცილებლად დაკმაყოფილებული უნდა იყოს”, – განაცხადა გულეიშვილმა.
გულეიშვილის თქმით, დანადგარების გამოყენება დახურულ სივრცეში ხდება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ქსელის და ქსელზე არსებული დანადგარების სწორად გამოყენება და ექსპლუატაციაში სწორად მიღება მოხდეს.
ასევე, მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების ეროვნულმა კომისიამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მოხმარების წესებში მნიშვნელოვანი მუხლის შეტანის შესახებ და კომპანიის წარმომადგენლებს წელიწადში ერთხელ მომხმარებლების გადამოწმება დაევალათ.
ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიის წარმომადგენელი მომხმარებელს შეტყობინებას უგზავნის, რომ მასთან კონკრეტულ დღეს ვიზიტი განხორციელდება, ამ დღეს კომპანიის წარმომადგენელი ნახულობს, თუ რა ვითარებაა ამა თუ იმ აბონენტთან.
გაზის დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენების საკითხი საქართველოში მეტად აქტუალურია. საცხოვრებელ სახლებში უკვე წლებია, აღარ მოქმედებს ცენტრალური გათბობა და მოსახლეობა სხვადასხვა ელექტრო- და გაზის გამათბობლებით სარგებლობს. ხშირად ეს კუსტარული დანადგარებია.
ყველა ახალი ამბავი
0