პრემიერი: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2024
გამოწერა
კობახიძის თქმით, ურთიერთობების გადატვირთვა მომავალ წელს დაიწყება
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობები გადატვირთოს, მაგრამ მთავარია დასავლეთის მხრიდანაც გადაიდგას შემხედრი ნაბიჯები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშულებს. კრიტიკა გაძლიერდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადეს პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რაც გვაქვს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა მთავარია, ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ“, - განაცხადა კობახიძემ ტელეარხ POSTV-ზე.
მთავრობის მეთაურს მიაჩნია, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებისთანავე საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები ხარისხობრივად და მნიშვნელოვნად იქნება გადატვირთული. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, გადატვირთვის დაწყების ვადაზე და თარიღზე ყველაზე მეტად არჩევნების შედეგებს ექნება გავლენა.
„მაგრამ რაც შეეხება გადატვირთვას, ვფიქრობ, მომავალი წლიდან ურთიერთობების გადატვირთვა ასეც და ისეც დაიწყება", -აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დასრულება პირდაპირ კავშირშია შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებთან. ამასთან, პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტის დასრულებისთანავე ზეწოლა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე შემცირდება.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ გახდება თეთრი სახლის მომავალი პატრონი, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ თუ რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, უკრაინაში კონფლიქტი უფრო ადრე დასრულდება, ვიდრე მისი დემოკრატი მეტოქე კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში.
ასეთ მოცემულობაში, პრემიერის თქმით, კონფლიქტი დამატებით რამდენიმე თვეს კიდევ გასტანს. მაგრამ როგორც არ უნდა განვითარდეს სცენარი, კობახიძე დარწმუნებულია, რომ კონფლიქტი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება.
„ჩვენი საქმე ვერ იქნება სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც აქტიურად ერევიან ჩვენს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს არ შეიძლება, იყოს ჩვენი ხელწერა. ბუნებრივია, ამერიკელი ხალხი თავად გააკეთებს არჩევანს“
ბიულეტენების 97%-ზე მეტი დათვლის შედეგების თანახმად, ტრამპს ხმების 51,1%, ჰარისს კი მხოლოდ 47,4% აქვს.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0