პარლამენტის თავმჯდომარე: ტრამპის გამარჯვებით მსოფლიო პოლიტიკას საღი აზრი დაუბრუნდება

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2024
გამოწერა
პაპუაშვილს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვს.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევით მსოფლიო პოლიტიკაში დაბრუნდება საღი აზრი და დასრულდება აღქმების ბატონობა რეალობაზე, რაც ბოლო წლებში საქართველოს მიმართ დასავლეთის პოლიტიკის მახასიათებელი გახდა, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ X-ში.
ამ დროისთვის რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს გამარჯვებისთვის საჭირო 270 -დან 227 ამომრჩევლის მხარდაჭერა აქვს, მის მოწინააღმდეგე, დემოკრატ კამილა ჰარისს კი 224 ხმა.
„ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას. ამ არჩევანმა უნდა დააბრუნოს საღი აზრი მსოფლიო პოლიტიკაში და წერტილი დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე, რაც ბოლო წლებში საქართველოს მიმართ დასავლეთის პოლიტიკის მახასიათებელი გახდა", - დაწერა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მას საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვს.
„მჯერა, რომ ამერიკულ-ქართული ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება ურთიერთპატივისცემის, საერთო ინტერესებისა და, რაც მთავარია, ნამდვილი საკაცობრიო ღირებულებების საფუძველზე“, - დაწერა პოლიტიკოსმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" კონსერვატულ შეხედულებებს ემხრობა.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0