როდის დაიწყება გრიპის სეზონი საქართველოში? იმნაძის განმარტება

© Government of Georgia photo: Government of Georgia / FBპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2024
გამოწერა
სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინის გაკეთება ნებაყოფლობითია.
თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. გრიპის სეზონი ნოემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება, შესაბამისად საკმაო დრო არის იმისთვის, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ეფექტი ჰქონდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
საქართველოს მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის 4 ნოემბრიდან უფასოდ ტარდება. ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით არის შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
„გრიპი, ალბათ, ჩვეულებრივ ასე ნოემბრის მეორე ნახევრიდან გააქტიურდება საქართველოში. ასე, რომ დრო ნამდვილად არის იმისათვის, რომ ვაქცინაციამ თავისი ეფექტი გამოიღოს. ვაქცინა არის ჰოლანდიური წარმოების, პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ“, - განაცხადა იმნაძემ.
საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 18 ოქტომბრიდან დაიწყო, თუმცა თავიდან ის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, უფასოდ რისკ-ჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 ათასზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ 40 ათასი ვაქცინა შეიძინა, მაგრამ წამლის დიდი ნაწილის ათვისება ვერ მოხერხდა. მომდევნო წლებში ქვეყანამ დაიწყო ვაქცინის 200 ათასი დოზის შეძენა.
წელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 200 ათასი დოზა ვაქცინა შეიძინა.
ყველა ახალი ამბავი
0