აშშ მზადაა საქართველოსთან მიმართებით ახალი ზომები უყოყმანოდ გამოიყენოს

© photo: Sputnik / Artur Gabdrakhmanov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის სახდეპარტამენტის შენობა
აშშ-ის სახდეპარტამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2024
გამოწერა
საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბულია.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. აშშ აგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ მზადაა მიიღოს დამატებითი ზომები, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშულებს. კრიტიკა გაძლიერდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადეს პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„ჩვენ გავაგრძელებთ, განვიხილოთ არის თუ არა დამატებითი ზომები, რომლებიც სათანადო იქნება და თუ ასე იქნება, ჩვენ მათი გამოყენება არ მოგვერიდება“, - განაცხადა მილერმა ბრიფინგზე.
მილერმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ზომები, რომლებიც აშშ-მ უკვე მიიღო საქართველოს ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ.
„მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვანი ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვუწევთ, გადახედვის ქვეშ არის და ჩვენ აღნიშნული დახმარების 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ იმ ნაბიჯების გამო, რომელიც ვნახეთ, რომ მათ გადადგეს", - აღნიშნა მილერმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის მხრიდან ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ევროპულ და ატლანტიკურ პარტნიორებთან ინტეგრაციის გაგრძელებას", - განაცხადა მილერმა.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0