„ვისი შვილის სისხლის დაღვრა გინდათ?" - მეუფე იაკობი პრეზიდენტს მიმართავს

© photo: Sputnik / Stringerბოდბე
ბოდბე - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2024
გამოწერა
მისი თქმით, ოპოზიციას საქართველოს სასიკეთოდ საერთო საქმის კეთების ნაცვლად, საპროტესტო აქციებით „უცხოელისთვის“ თავის მოწონება სურს.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციონერ ქალ-პოლიტიკოსებს დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მიმართა, კერძოდ, იგი დაინტერესდა რისთვის იმართება აქციები და „ვისი შვილის სისხლის დაღვრა " სურთ აქციის მონაწილეებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ორშაბათს, 4 ნოემბერს, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური ძალების მასობრივი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
„მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ - რას მოგვცემს ეს აქციები?! დღეს ჩვენ თუ ასე მოვექეცით ერთმანეთს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ფიქრი გამორიცხულია. ვისი შვილის სისხლის დაღვრა გინდათ? დაფიქრდით ამაზე, რას იცავთ?", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისი თქმით, ოპოზიციას საქართველოს სასიკეთოდ საერთო საქმის კეთების ნაცვლად, საპროტესტო აქციებით „უცხოელისთვის“ თავის მოწონება სურს.
რაც შეეხება საქართველოში გამართულ არჩევნებს, მეუფის თქმით, გარკვეული პრეტენზიები იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, უკმაყოფილება გამოთქვა მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რომელსაც სასულიერო პირის თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პრობლემები აქვს, ასევე უკრაინის წარმომადგენლებმა.
„გამოდის წინა დღეებში უკრაინის წარმომადგენელი და ჩვენზე საუბრობს. შე დალოცვილო, არჩევნებსაც არ ატარებ და ვის არჩევნებზე ლაპარაკობ? მართლა გისურვებ, ქვეყანა შეინარჩუნო, დაგვანებეთ თავი", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბების სქემაზე განაცხადეს.
კენჭისყრიდან მეორე დღეს ოპოზიციის მხარდამჭერმა ზურაბიშვილმა არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „გაყალბების გასათეთრებლად“, გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები. ზურაბიშვილის მტკიცებით, ერთი დოკუმენტით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი.
ხელისუფლება ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების ფაბრიკაცია.
ყველა ახალი ამბავი
0