ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაასრულეს საჩივრების განხილვა

© photo: Sputnik / Stringerნათია იოსელიანი
ნათია იოსელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2024
გამოწერა
პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ 4 ნოემბერს საპროტესტო აქცია დააანონსა, სადაც შემდგომ სამოქმედო გეგმებს გააჟღერებენ.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაასრულეს საჩივრების განხილვა და ამჟამად სასამართლოებში მიმდინარეობს სარჩელების განხილვა, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბების სქემაზე განაცხადეს.
„საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაასრულეს საჩივრების განხილვა. ახლა უკვე გადავედით კანონით დადგენილ ფორმაზე, რომელიც გახლავთ სასამართლოებში სარჩელების განხილვა. ახლა მიმდინარეობს ეს პროცესი. მას შემდეგ, რაც დასრულდება აღნიშნული დავის განხილვა, უფრო დეტალურად შეგვეძლება ვისაუბროთ და მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია", - განაცხადა იოსელიანმა.
იოსელიანის განმარტებით, ცესკო დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურასთან ითანამშრომლებს - ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
„ცესკომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არჩევნების მეორე დღესვე გაჟღერებულ ძალიან მძიმე ბრალდებაზე თავად მიმართა პროკურატურას. ჩვენ ვიყავით ინიციატორი, რომ პროკურატურამ გამოიძიოს ყველა ის დანაშაული, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლებრივ ნიშნებს. შესაბამისად, პროკურატურასთან ვითანამშრომლებთ“, – აღნიშნა იოსელიანმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა ფართომასშტაბიანი ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების მთვლელი აპარატების გამოყენებით. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერიფიკაციის აპარატში შემოწმდა, ხოლო ბიულეტენი ხმების დამთვლელ აპარატში თავსდებოდა.
არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"), „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები"), „კოალიცია ცვლილებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") და პარტია „საქართველოსთვის". მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნება და წინასწარი შედეგებით დაახლოებით 54% მოიპოვა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ათავსებდნენ ბიულეტენს.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
არჩევნებიდან მეოთხე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) ფარული კენჭისყრის პრინციპის მასიური დარღვევის შესახებ განაცხადა და 2263 საარჩევნო უბანზე (2/3) არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართა.
ფარული კენჭისყრის პრინციპის მასიური დარღვევის მტკიცებულება, საიას თქმით, არის კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე კამერების განლაგება და ის ფაქტი, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან მოჩანდა მარკერის ანაბეჭდი (ანუ ჩანდა ის თუ რომელი პარტიის გასწვრივ გააფერადა წრე ამომრჩეველმა).
მოგვიანებით ცესკომ განაცხადა, რომ ბიულეტენის სწორად განთავსება სპეციალურ კონვერტში სრულად უზრუნველყოფს ფარული კენჭისყრის პრინციპს. ამასთან, ცესკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, ხოლო კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე მითითებები იყო.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ 4 ნოემბერს საპროტესტო აქცია დააანონსა, სადაც შემდგომ სამოქმედო გეგმებს გააჟღერებენ.
ყველა ახალი ამბავი
0