ხმის მიცემის აპარატებში ჩაბუდებული ეშმაკი - პრემიერი ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა

© photo: Sputnik / StringerИраклий Кобахидзе. Парламентские выборы в Грузии 26 октября 2024 года
Ираклий Кобахидзе. Парламентские выборы в Грузии 26 октября 2024 года - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2024
გამოწერა
ოპოზიცია, პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობენ
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კომიკური უწოდა ზოგიერთ განცხადებას იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებითა და პირადობის მოწმობებით (ID-ბარათებით) ჩატარდა, გაყალბებულია.
პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების გაყალბების შესახებ განაცხადეს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს. გაყალბებაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ.
„ბაია პატარაია, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, დასცინოდნენ ადამიანებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ID-ბარათის ჩიპი შეიცავს ეშმაკის ნიშანს და საბოლოო ჯამში ახლა ამტკიცებენ, რომ ეშმაკი იყო ჩაბუდებული ხმის მიცემის აპარატებში“, - განაცხადა კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
ელექტრონული ჩიპების მქონე პირადობის მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. ამ დოკუმენტებს ჰყავთ თავიანთი მოწინააღმდეგეები - მორწმუნეთა ჯგუფი, რომლებიც თვლიან, რომ ჩიპები არის ხალხის სრული კონტროლის საშუალება და უკავშირდება აპოკალიფსის ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. მათ უარი თქვეს ამ პირადობის მოწმობების აღებაზე და ერთგვარ სოციალურ იზოლაციაში აღმოჩნდნენ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო დღეებში გაჟღერდა ათასი სისულელე. მათ შორის პრემიერმა საინტერესო უწოდა მტკიცებას, რომ „ეშმაკი, რომელიც იჯდა ხმის მიცემის აპარატში, მარტო ხმებს კი არ უმატებდა “ქართულ ოცნებას”, მიზანმიმართულად ხმებს აკლებდა მარტო “’ნაცმოძრაობას” და „ახალს“.
მაგრამ ამასთან ერთად ეს „ეშმაკი“ არ აკლებდა ხმებს გახარიას და “ლელოს”, აღნიშნა პრემიერმა.
„ათასი სისულელე მოვისმინეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში. ზოგიერთი საერთოდ კომიკური იყო, ესეც კომიკურია. იყო ბეჭდების მბრძანებელი ქალბატონი, რომელიც ღიმილით შიშის ზარს სცემდა მისულ ამომრჩეველს. საოცრებაა ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ ცოტა უფრო სერიოზულად თუ ვისაუბრებ, 25 შემთხვევაა ფარულობის დარღვევის და თურმე ყველა უბანი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო"), "ძლიერი საქართველო" ("ლელო საქართველოსთვის", "ხალხისთვის" "თავისუფლების მოედანი", "მოქალაქეები", "კოალიცია ცვლილებისთვის" ("ახალი", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "დროა") და პარტია "საქართველოსთვის".
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ათავსებდნენ ბიულეტენს.
არჩევნებიდან მეოთხე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) ფარული კენჭისყრის პრინციპის მასიური დარღვევის შესახებ განაცხადა და 2263 საარჩევნო უბანზე (2/3) არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართა.
ფარული კენჭისყრის პრინციპის მასიური დარღვევის მტკიცებულება, საიას თქმით, არის კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე კამერების განლაგება და ის ფაქტი, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან მოჩანდა მარკერის ანაბეჭდი (ანუ ჩანდა ის თუ რომელი პარტიის გასწვრივ გააფერადა წრე ამომრჩეველმა).
მოგვიანებით ცესკომ განაცხადა, რომ ბიულეტენის სწორად განთავსება სპეციალურ კონვერტში სრულად უზრუნველყოფს ფარული კენჭისყრის პრინციპს. ამასთან, ცესკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, ხოლო კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე მითითებები იყო.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
ყველა ახალი ამბავი
0