ოპოზიციის „რევოლუციური“ გეგმა ორშაბათამდე გადაიდო

© photo: Sputnik / Stringerახალგაზრდული ორგანიზაციების პროტესტი არჩევნების შედეგების წინააღმდეგ
ახალგაზრდული ორგანიზაციების პროტესტი არჩევნების შედეგების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2024
გამოწერა
ოპოზიციურ პარტიებს სურთ პარლამენტში შესვლა, მაგრამ ისე, რომ ეს სხვას დაბრალდეს, განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიციის გადაწყვეტილებამ სამოქმედო გეგმის გამოცხადების ორშაბათს საპროტესტო აქციამდე გადადების შესახებ გამოიწვია მისი მხარდამჭერების კრიტიკა, რომლებიც უკმაყოფილონი არიან საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, და დაამშვიდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები.
პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, ხუთშაბათს საღამოს, უახლოესი სამოქმედო გეგმის გამოცხადების ნაცვლად, ორშაბათს, 4 ნოემბერს საპროტესტო აქცია დააანონსა, სადაც თავის შემდგომ გეგმებს გააჟღერებენ.
„მათი გეგმაა, რომ გეგმა არ აქვთ. ეს არის უსერიოზულესი გეგმა. სოციალური ქსელი გადაჭედილი იყო მათი მომხრეების გაბრაზებით. როდესაც მათ თქვეს, რომ ჩვენ ახლა უნდა განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება, გააბრაზეს თავისი ამომრჩეველი... შემდეგ იგონებ გეგმას, რომლის მიხედვითაც, გეგმა ორშაბათს იქნება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციას ახლა არაფერი აქვს სათქმელი არგუმენტების მხრივ და რაღაც უნდა მოიფიქრონ.
„მუხტი არ არის, თავისი მომხრეები დასცინიან“, - განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ ოპოზიცია მზადაა პროვოკაციებზეც წავიდეს.
საპროტესტო აქციის მხოლოდ ორშაბათს დანიშვნას მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეებში ენთუზიაზმი არ გამოუწვევია.
„ორშაბათი სამუშაო დღეა და შაბათ-კვირა რომ გაქვს, რა ხდება? - მოიცა, სცენის დადგმა თუ შეგეძლო 5 დღის წინ და ფინანსი გქონდა, ხომ შეკრიბე და მოვიდა ხალხი კაცო, დარჩი რა... მოგივიდეს რუსთაველზე 180.000 კაცი და საათ-ნახევარში სახლში გაუშვა, ამას ბრძოლა ჰქვია?! ამას შეცდომა არ ჰქვია?! - ფული გადაწყვეტს ოპოზიციის მუშაობას?!“ - განაცხადა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა.
მისი თქმით, ის ტენდენცია, რომ სცენა ვიღაცამ დადგა, მიკროფონი დადგა და ამიტომ მისი ნებართვით უნდა ხდებოდეს რაღაც შეკრებები, ეს მარცხს ქვეყანას მოუტანს.
რამდენიმე არასამთავრობომ დააანონსა საკუთარი საპროტესტო აქცია პარლამენტთან შაბათს, ითქვა, რომ აქციაზე არ იქნებიან გამომსვლელები, სცენა და ლიდერები, შეიკრიბებიან რიგითი მოქალაქეები ბანერებით, სასტვენებით, დრამებით ან ნებისმიერი სახმაუროთი და ასე გამოხატავენ პროტესტს არჩევნების წინააღმდეგ.
მოძრაობის ორგანიზატორია არასამთავრო ორგანიზაცია „ტალღა“, ის ყოველდღიურ აქციებს აანონსებს, ოპოზიციის აქციის დღესაც. აქციის მოდერატორია ნატა ფერაძე, რომელმაც ოპოზიციის ქმედებებს ასეთი პოსტით გამოეხმაურა: „ორშაბათს ვიწყებ დიეტას" პონტია“.
ოპოზიციის უმოქმედობით აღშფოთებული ადამიანების დამშვიდება „კოალიციის ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ სცადა.
„თუ ამ სიტუაციაში, ვინმე გეგმას წინასწარ გთავაზობთ, თუ გეუბნებათ, რომ ან გეგმის გაწერა, ან მისი ყოველდღიური მიყოლა და აღსრულება არის შესაძლებელი – გატყუებთ. შევდივართ პროცესში, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი, ვართ კონსოლიდირებულები, ვართ კომუნიკაციაში საერთაშორისო პარტნიორებთან და თუ ვინმე გეტყვით, დღეს დავიწყებთ, ერთი კვირა ვიდგებით და ზეგ დავასრულებთ – არის ტყუილი“, - განაცხადა მელიამ, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, პროტესტის რა ფორმებზეა საუბარი.
მელიას თანამოაზრე ნიკა გვარამიამ თავის გამომწერებს სთხოვა აჩუქონ ან მიჰყიდონ კარვები - საშუალო ან დიდი ზომის, მან ასევე განაცხადა რომ ამის შემდეგ ღიად იმოქმედებს და არავისი არ ეშინია.
ამას მმართველ პარტიაში ნეგატიური რეაქცია მოყვა - ხელისუფლებაში ამას გადატრიალების მცდელობა უწოდეს.
„რადიკალური ოპოზიციის გეგმა არ შეცვლილა. თავიდან თუ ორაზროვნად ლაპარაკობდნენ, დღეს უკვე პირდაპირ მიმდინარეობს საუბარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის ამომრჩევლები არ დათანხმდებიან მის გეგმებს, შეიტანონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რომელიც მრავალი გამოწვევების წინაშე დგას.
„ამ ვითარებაში არ მგონია, რომელიმე ჭკუათმყოფელი ოჯახი ან ოჯახის წარმომადგენელი დათანხმდეს რადიკალური ოპოზიციის გეგმავს, რომ დესტაბილიზაცია გადაიზარდოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. ერთი მხრივ, ამომრჩეველს კარგავენ, მეორე მხრივ, ამომრჩეველთან პირშავად არიან, ვინაიდან ვერ შეასრულეს დაპირება, რომ არჩევნებში გაიმარჯვებდნენ და ამას გარკვეული შედეგი აუცილებლად მოჰყვება კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისთვის. ასეთ მდგომარეობაში პროცესების რადიკალიზაცია მათთვის გადარჩენის გზაა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ექს-პრემიერ გახარიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმაც დაადასტურა, რომ ოპოზიციის ყველა მხარდამჭერი როდი მზადაა პროცესების რადიკალიზაციისთვის.
„სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ჩვენ აქციებზე უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ამასთან, პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრ - გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია დარწმუნებულია, რომ საქართველოში „ფეიკ-რევოლუცია“ მზადდება.
„ქოცები და დანარჩენი ოპოზიციის დიდი ნაწილი ერთად გეგმავენ ე.წ. ფეიკ რევოლუციას, სადაც ადამიანებს მოუწოდებენ, შარში გახვევენ რაღაცაში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შეთანხმებულია, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ ისე რომ ეს სხვას დააბრალონ.
„ეს ყველაფერი არის მართული იმისთვის, რომ ხალხი დაშალო და თან თქვა, რომ ხარ ოპოზიციონერი, იბრძვი, მაგრამ ხალხი არ აგყვა. სინამდვილეში, არც უნდა აგყვეს, იმიტომ, რომ ხალხი გრძნობს, რომ შენ არანაირი ბრძოლა არ გინდა, შენ გინდა, რომ პარლამენტში რამენაირად შეხვიდე, ოღონდ ისე, რომ სხვას დაბრალდეს ეს", - ამბობს იაგო ხვიჩია.
არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ ოპოზიციური კოალიციები "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო"), "ძლიერი საქართველო" ("ლელო საქართველოსთვის", "ხალხისთვის" "თავისუფლების მოედანი", "მოქალაქეები", "კოალიცია ცვლილებისთვის" ("ახალი", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "დროა") და პარტია "საქართველოსთვის". მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნება და წინასწარი შედეგებით დაახლოებით 54% მოიპოვა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატში მოწმდებოდა პირადობის მოწმობა, ხოლო ხმის მთვლელ აპარატში ათავსებდნენ ბიულეტენს.
არჩევნებიდან მეოთხე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) ფარული კენჭისყრის პრინციპის მასიური დარღვევის შესახებ განაცხადა და 2263 საარჩევნო უბანზე (2/3) არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართა.
ფარული კენჭისყრის პრინციპის მასიური დარღვევის მტკიცებულება, საიას თქმით, არის კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე კამერების განლაგება და ის ფაქტი, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან მოჩანდა მარკერის ანაბეჭდი (ანუ ჩანდა ის თუ რომელი პარტიის გასწვრივ გააფერადა წრე ამომრჩეველმა).
მოგვიანებით ცესკომ განაცხადა, რომ ბიულეტენის სწორად განთავსება სპეციალურ კონვერტში სრულად უზრუნველყოფს ფარული კენჭისყრის პრინციპს. ამასთან, ცესკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, ხოლო კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე მითითებები იყო.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.
ყველა ახალი ამბავი
0