ბიულეტენების ჩაყრა მარნეულში საპარლამენტო არჩევნებზე - ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშისასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2024
გამოწერა
40 და 34 წლის მამაკაცებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 69-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დროს ბიულეტენების ჩაყრის საქმეზე დაკავებული ისკანდეროვები მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
40 და 34 წლის მამაკაცები პოლიციამ 31 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (არჩევნების გაყალბება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როვშან ისკანდეროვი, რომელმაც მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების დასტა ჩაყარა, დღეს ამტკიცებდა რომ უდანაშაულოა. მარნეულის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან" მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ირწმუნებოდა, რომ დანაშაულის ამსახველი ვიდეო მასალა მონტაჟია.
„რომ ამბობენ, რომ გაყალბება მოხდა, მე არ მჭირდება გაყალბება. ყველამ იცის, რომ ჩემს ადმინისტრაციულ ერთეულში ვინც ცხოვრობს ყველა პატივს მცემს და ყველა 100%-ით ჩემს გვერდით არის. მეორე, ახლა ვიღაც კამერის მონტაჟს აკეთებს და ამის გამო ციხეში მიშვებენ, ეს როგორ შეიძლება? უბრალოდ იციან, რომ აქ მე ავტორიტეტით ვსარგებლობ და დაგეგმეს ეს ყველაფერი. მე იმედი მაქვს, რომ ეს "ნაცმოძრაობის" სასამართლო არ არის. ეს არის სამართლიანობის სასამართლო. მაღლაა ღმერთი და თქვენ გენდობით, ბატონო მოსამართლე", - თქვა სასამართლოზე როვშან ისკანდეროვმა.
ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, საქმე ეხებოდეს პროცედურის დარღვევებს, თუმცა არა გაყალბებას.
„ბრალდებულის პოზიციაა, რომ საქმე გვაქვს არა გაყალბების ფაქტთან, არამედ, შესაძლოა, საქმე გვქონდეს პროცედურის დარღვევებთან და არამც და არამც გაყალბებასთან. არცერთი ყალბი ბიულეტენი არაა საქმეში წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბრალდებულებმა ეს ბიულეტენები ჩაყარეს საარჩევნო ყუთში“, - განაცხადა ადვოკატმა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას №69-ე საარჩევნო უბანზე კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს, რის გამოც შეწყდა კენჭისყრა და შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.
ყველა ახალი ამბავი
0