სახდეპმა საქართველოს პრეზიდენტს არჩევნების გაყალბებაზე მონაცემების გასაჯაროებისკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Artur Gabdrakhmanov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის სახდეპი
აშშ-ის სახდეპი - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2024
გამოწერა
საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოძიებას წარუდგენს საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს, რაშიც ის ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა.
საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი დაიბარა. პასუხად მან პროკურატურას მოუწოდა საკუთარი საქმით დაკავდეს და პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება შეწყვიტონ. ის, რასაც ახლა პროკურატურა აკეთებს, კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს, აღნიშნა პრეზიდენტმა.

„პრეზიდენტი თავად ისაუბრებს თავის თავზე, მაგრამ, როგორც მესმის, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია დარღვევების შესახებ, ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ის გააზიარებს ამ ინფორმაციას. ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, მიუხედავად იმისა, მას საქართველოს ოფიციალური პირები ატარებენ თუ ნებისმიერი სხვა”, - განაცხადა მილერმა.

თქვენი საქმით დაკავდით - პრეზიდენტი პროკურატურაში მისვლას არ აპირებს>>
პრესკონფერენციაზე მილერმა გაიხსენა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება, რომელიც გამოქვეყნდა თეთრი სახლის ვებგვერდზე, რომელშიც მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას ჩაეტარებინა გამჭვირვალე გამოძიება ყველა საარჩევნო დარღვევების შესახებ და ასევე გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული რეგრესიით.
„პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს ოფიციალურ პირებს გამოძიებისკენ მოუწოდა. ჩვენ, ასევე, ცხადი გავხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში იმაზე, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო“, - აღნიშნა მილერმა.
სახდეპის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დასძინა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის პროცესს.
„ჩვენ ცხადად ვთქვით, რომ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ურთიერთობა გადახედვის პირობებში გრძელდება. უკვე შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარების 95 მილიონი დოლარი და სხვა დახმარება, რომელსაც ვაწვდით, გადახედვის ქვეშ რჩება”, - აღნიშნა მილერმა.
ამასთან მილერმა მხარი დაუჭირა ოპოზიციის მხარდამჭერებს, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
ვსურს დავინახოთ, რომ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები დაცულია, გვსურს დავინახოთ, რომ დაცულია მათი პროტესტის უფლება, რომ მათი გამოხატვის ფუნდამენტური უფლება რამენაირად არ ირღვევა”, - განაცხადა მილერმა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბების სქემაზე განაცხადეს.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნამ დაადასტურა საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა.
ცესკოს ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,936%;
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,034%;
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,166%;
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,809%;
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,769%.
არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ გამოაცხადა ბოიკოტი - კენჭისყრის შედეგები არცერთმა მათგანმა („კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ძლიერი საქართველო" და „საქართველოსთვის") არ აღიარა. ოპოზიცია დარწმუნებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების ფართომასშტაბიან გაყალბებაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
ყველა ახალი ამბავი
0