სამართალდამცველები არჩევნებზე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებით დაინტერესდნენ

© Special Investigation Serviceსპეციალური საგამოძიებო სამსახური
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2024
გამოწერა
ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 26 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებზე ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედია ომბუდსმენიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სამსახურის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები, ასევე ჩატარებული გასაუბრებები, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჟურნალისტებთან დაკავშირებულ 17 ინციდენტს შეეხებოდა.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ამ ფაქტებიდან 13 შემთხვევა, შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. მიუხედავად ამისა, თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები შეტყობინების შემოსვლისთანავე არაერთგზის დაუკავშირდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოახდინეს.
ამ დროისთვის, საგამოძიებო ორგანოში, ინფორმაციის მოწოდების მიზნით, მხოლოდ 5 ჟურნალისტი და 1 ოპერატორი გამოცხადდა.
ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.
ყველა ახალი ამბავი
0