საია არჩევნების 2263 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2024
გამოწერა
ორგანიზაციის მტკიცებით, ზემოაღნიშნულ უბნებზე ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი მასობრივად დაირღვა.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა - 2.263-ვე უბნის (2/3) შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს.
საარჩევნო პროცესის დამკვირვებელი ორგანიზაციის მტკიცებით, ზემოაღნიშნულ უბნებზე ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი მასობრივად დაირღვა. საიამ საოლქო საარჩევნო კომისიებში შესაბამისი საჩივრები 29 ოქტომბერს წარადგინა და აღნიშნა, რომ მათი დაკმაყოფილება ახალი არჩევნების დანიშვნას გამოიწვევს.
„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო უბნებზე დაამონტაჟა ვიდეოკამერები, რომლებიც რიგ შემთხვევებში უყურებდნენ რეგისტრატორის სლოტებსა და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი ხმის მიცემის კაბინებს და ძირითადად, საარჩევნო ყუთს“, - ნათქვამია საიას ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე აღინიშნა, რომ ბიულეტენის ხარისხი ისეთი იყო, რომ უკანა მხარეს ჩანდა ამომრჩევლის მიერ სასურველი პარტიის წინ გაფერადებული შევსებული წრის კვალი.
„ამ ორი ფაქტის ერთობლიობა ადასტურებს ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს და არღვევს ხმის მიცემის ფარულობისა და ნების თავისუფალი გამოხატვის პრინციპებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევის რისკები საიამ არჩევნებამდე ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინა და ამის შესახებ წინასწარ მიმართა ცესკოს, რომ მიეღო შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
პასუხად ცესკომ განაცხადა, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე გამოყენებული იქნა ბიულეტენის სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას. თუმცა, ეს პირობა ვერ შესრულდა, ნათქვამია განცხადებაში.
„ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბების და სისტემურობის გათვალისწინებით, საიამ ასევე მიმართა პროკურატურას ამ ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
წინასაარჩევნო პერიოდში საიამ 11 საჩივარი შეადგინა, არჩევნების დღეს კი დაფიქსირებული აქვს 589 დარღვევა/ცუდი პრაქტიკა, ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ოთხშაბათს საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ცესკოში აღნიშნეს, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებებმა, რომელსაც აკეთებენ ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პოლიტიკოსები და სხვა დაინტერესებული პირები, მასშტაბურ ხასიათი მიიღო.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
ახალი ტექნოლოგიები 3.111 უბნიდან 2.263-ში იქნა გამოყენებული. ტრადიციული მეთოდით ხმის მიცემა მხოლოდ მაღალმთიან რაიონებში და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე განხორციელდა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
კენჭისყრიდან მეორე დღეს ოპოზიციის მხარდამჭერმა ზურაბიშვილმა არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „გაყალბების გასათეთრებლად“, გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები. ზურაბიშვილის მტკიცებით, ერთი დოკუმენტით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი.
ხელისუფლება ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების ფაბრიკაცია.
ყველა ახალი ამბავი
0