არჩევნები 2024: პროკურატურამ პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარა

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2024
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვის მიზნით 31 ოქტომბერს უნდა მივიდეს
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების თაობაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურაშია დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურამ გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ცესკოში აღნიშნეს, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებებმა, რომელსაც აკეთებენ ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პოლიტიკოსები და სხვა დაინტერესებული პირები, მასშტაბურ ხასიათი მიიღო.
„ცესკოს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, პროკურატურა აპირებს გამოიძიოს ყველა შესაძლო სამართალდარღვევა.
„პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკოს მომართვაში მითითებული, ისე საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიების ფარგლებში იგეგმება ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.
„წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.
არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (საარჩევნო სიები, ოქმები, ბიულეტენები, სარეგისტრაციო ჟურნალები და საკონტროლო ფურცლები) განზრახ გაყალბება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. ცესკოს მონაცემების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
კენჭისყრიდან მეორე დღეს ოპოზიციის მხარდამჭერმა ზურაბიშვილმა არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „გაყალბების გასათეთრებლად“, გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები. ზურაბიშვილის მტკიცებით, ერთი დოკუმენტით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი.
ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გარდა, ფალსიფიკაციაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მისი ლიდერი ეკა გიგაური საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად გამოაცხადა. თუმცა, მოგვიანებით, პრემიერ ირაკლი კობახიძის თხოვნით აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციას ეს სტატუსი მოუხსნა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
როგორც სამშაბათს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანია Pro v&v-მა აუდიტის ორი ეტაპი ჩაატარა და მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რის შემდეგაც შედეგები გახდება ცნობილი.
ყველა ახალი ამბავი
0