„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

© photo: Sputnik / Stringer„ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორია
„ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2024
გამოწერა
სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,2 მლნ ლარით დაფინანსდება.
თბილისი, 30 ოქტომბერი— Sputnik. გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს ვიწყებთ - „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და ორი თვის ვადაში დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტის მიზანია ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და საავტომობილო მოძრაობის განტვირთვა.
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული სატრანსპორტო კვანძი ვერ უზრუნველყოფს ავტომობილების ნაკადების შეუფერხებლად გატარებას. ხშირად იქმნება საცობები, ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, ხოლო პიკის საათებში მოძრაობა თითქმის პარალიზებულია და მოძრაობის განტვირთვას საათები სჭირდება. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განვახორციელოთ", - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილიც საკმაოდ დაზიანებულია და ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხო გადაადგილებისთვის სათანადო პირობები არ არსებობს.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია გზის გაფართოება და 25,690 კვადრატული მეტრი გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია-განახლება.
პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოეწყობა ტროტუარები, უსაფრთხოების კუნძულები, გარე განათების ლამპიონები, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი შუქნიშნები. ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,2 მლნ ლარით დაფინანსდება.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა კომერციული ობიექტები იყო განთავსებული, მათ შორის ბენზინგასამართი სადგურები, რომელთა მფლობელებთანაც შედგა მოლაპარაკება და მერიის მუნიციპალიტეტის მხრიდან ტერიტორიების ადგილმონაცვლეობა განხორციელდა", - განაცხადა კალაძემ.
მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ „ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებდნენ და გზის სავალი ნაწილი გაფართოვდებოდა. კერძოდ, დამატებითი სავალი ნაწილი მოეწყობა გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელ ავტოსატრანსპორტო კვანძზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია ქალაქში. ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართი სადგურების მფლობელი კომპანიებს კი დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე გადაეცათ მიწები.
იანვარში კი თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ აუზის მიმდებარე ტერიტორიის სტატუსი განაშენიანების გეგმის მიხედვით შეცვალა. იქვე მდებარე აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენების გეგმა, რომელიც ორ ცათამბჯენებს მოიცავს, გასული წლის დეკემბერში დამტკიცდა.
ყველა ახალი ამბავი
0