წილოსანი: ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარი თავიანთი ამომრჩევლის ღალატია

© photo: Sputnik / Stringerნინო წილოსანი
ნინო წილოსანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2024
გამოწერა
დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ოპოზიციის მხრიდან მანდატებზე უარი იქნება იმ დაპირების შესრულება, რომელიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკიდან ჩამოშორებას და გასამართლებას გულისხმობს.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარის თქმა იქნება ამომრჩევლის ღალატი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან.
არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს. ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და სიების ჩახსნას აპირებენ, რომ პარლამენტი არალეგიტიმური იყოს.
„ოპოზიცია უშანსოა, თავადაც ვერ აკეთებენ ანალიზს, რატომ მივიდნენ ამ შედეგამდე, რატომ იკლებს მათი ამომრჩევლის რაოდენობა და რატომ იზრდება „ქართული ოცნების“. მანდატებზე უარის თქმა ამომრჩევლის ღალატი იქნება", - განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ოპოზიციის მხრიდან მანდატებზე უარი იქნება იმ დაპირების შესრულება, რომელიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკიდან ჩამოშორებას და გასამართლებას გულისხმობს.
„პოლიტიკაში ან სპორტულ შეჯიბრში დამარცხებულმა უნდა აღიაროს დამარცხება. დეზინფორმაციაა, რომ მანდატებზე უარის თქმით და სიების ჩახსნით პარლამენტს უფლებამოსილება არ ექნება, თითქოს სალომე ზურაბიშვილს, სიმბოლურ პრეზიდენტს აქვს რაიმე უფლება და შეიძლება პარლამენტის პირველი სხდომა ვერ ჩაინიშნოს", - განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, ამ დეზინფორმაციაში დამნაშავეა ურნალისტებისა და ვაიპოლიტიკოსების არაკომპეტენტურობა.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიის დასკვნამ დაადასტურა საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
ცესკოს ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,96%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,034%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,166%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,809%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,769%.
ყველა ახალი ამბავი
0