ყურადღება არ მიაქციოთ ევროპის რეაქციას: ორბანი საქართველოს ხელისუფლებას

© Сourtesy of Georgian Governmentვიქტორ ორბანიდა ირაკლი ღარიბაშვილი
ვიქტორ ორბანიდა ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2024
გამოწერა
ორბანის საქართველოში ჩამოსვლამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტის დროს ორბანი ევროკავშირს არ წარმოადგენს.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქართველ კოლეგა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა და მოუწოდა, ყურადღება არ მიაქციოს ევროპის რეაქციას, რადგანაც ნებისმიერ ქვეყანაში კონსერვატიული შეხედულებების გამარჯვება ყოველთვის ხდება დაპირისპირების საგანი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.
„ლიბერალებს რომ გაემარჯვათ, მაშინ ეს იქნებოდა მთელ დასავლეთ ევროპაში გავრცელებული როგორც საუკეთესო ფორმაში მყოფი დემოკრატია. ახლა, რადგან კონსერვატიულმა არსმა და სულისკვეთებამ გაიმარჯვა, კამათი არსებობს უკვე ევროპაში", - განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, ასე იყო უნგრეთსა და სხვა ქვეყნებში არჩევნების შემდეგ.
როგორც მან აღნიშნა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რანგში მან ბევრი დავა მოიგო.
„მინდა გითხრათ, რომ მომავალშიც იქნება კამათი, მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს ისე უნდა იქნას მიღებული, როგორც აქამდე იყო. არჩევნების შედეგები უდავოა, ჩატარდა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. თუმცა, კამათი მაინც იქნება ევროპაში", - განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, მსგავსი დავები ბუნებრივია, ამიტომაც მისი სერიოზულად მიღება არ ღირს.
„თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ. ამიტომაც, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა, მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება და დემოკრატიულად ჩატარება და გისურვოთ ძალიან ბევრი წარმატება. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის იმედი მომავალში“, – განაცხადა ორბანმა.
ორბანის საქართველოში ჩამოსვლამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტის დროს ორბანი ევროკავშირს არ წარმოადგენს.
„რაც არ უნდა თქვას ბატონმა ორბანმა საქართველოში ვიზიტისას, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს. კავშირის როტაციის წესით არჩეულ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაში უფლებამოსილება არ გააჩნია“, - აღნიშნა ბორელმა.
ამ ეტაპზე საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან დაძაბულია. დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშულებს.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
ყველა ახალი ამბავი
0