პრემიერი: საქართველოში კონსტიტუციურ წყობას ვერავინ შეარყევს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2024
გამოწერა
ოპოზიცია არ შეეგუება არჩევნებში დამარცხებას, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ქართული სახელმწიფო თავის ადგილზე დგას და ოპოზიცია, ისევე როგორც მისი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ შეარყევენ კონსტიტუციურ წესრიგს ამ ქვეყანაში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართულ მთავრობის პირველ სხდომაზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 99,97% უბნის მონაცემების დამუშავების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე განაცხადეს.
„ეს ძალები კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში... თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და, რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში ვერავინ შეარყევს", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მეორდება ის, რაც წლების განმავლობაში მეორდებოდა ყოველ არჩევნებზე.
„ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს და მათთან ერთად დგანან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის და ვხედავთ რეალურად, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი", - აღნიშნა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რაც კობახიძის თქმით, თავისთავად მეტყველებს საზოგადოების დამოკიდებულებაზე მიმდინარე მოვლენებთან, მმართველ გუნდთან და ოპოზიციასთან მიმართებით.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მმართველი ძალის ოპონენტები უკმაყოფილო არიან ეუთო/ოდირის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებით.
„ხშირად გვესმის ჩვენი ოპონენტების განცხადებები იმის თაობაზე, რომ როდესაც საქმე ევროპელ პარტნიორებს ეხება, კრიტიკაც კი მიუღებელია. ამ შემთხვევაში ჩვენი ოპონენტები პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას - ეუთო/ოდირის მისიას, რადგან არ მოეწონათ შემაჯამებელი ანგარიში“, - აღნიშნა მან.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადეს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს არჩევნების ლეგიტიმურობას.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს არჩევნებში მტკიცე მხარდაჭერისთვის. ეს არის უპრეცედენტო ნდობა, რომელიც, კობახიძის თქმით, გამოიხატა ხმების რაოდენობასა და არჩევნებში დაფიქსირებული აქტივობით.
„თითქმის უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა ამ არჩევნებზე. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გამოვიდა საქართველოს ეროვნული ინტერესების, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მშვიდობის და ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა კობახიძემ.
ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს, რომელიც ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით მოქმედებდა, დასძინა პრემიერმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
არჩევნების ბოლო შედეგები:
„ქართული ოცნება“ („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“) - 53,93%
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11,035%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,814%
„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%
ყველა ახალი ამბავი
0