IRI-მ და NDI-მ საარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე ისაუბრეს

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2024
გამოწერა
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. IRI-სა და NDI-ის წარმომადგენლებმა შეაჯამეს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგები, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ გამოყენებული იყო ადმინისტრაციული რესურსი, პარტიები არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ, ამომრჩევლები, განსაკუთრებით ოპოზიციის მხარდამჭერები დაშინებული იყვნენ, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო კი ცესკოსადმი ნდობა დაბალი იყო.
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 3 100 (99.646%) საარჩევნო უბნის შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 54% მიიღო. ჯერ კიდევ ღამით, როცა საარჩევნო უბნების მხოლოდ 2/3-ის მონაცემები იყო გამოქვეყნებული, პარლამენტში შესული ოთხი ოპოზიციური სუბიექტიდან სამმა უარი განაცხადა კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე. მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე განაცხადეს.
საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვასა და პარტიებისთვის უთანასწორო გარემოზე განაცხადა IRI-ს წარმომადგენელმა დენ ტვინინგმა.
IRI-ის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა მარგარეტა კედერფელტმა განაცხადა, რომ გაზაფხულზე საქართველოში მიღებულმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩაგვრის რისკები შექმნა.
მისი თქმით, ადგილი ჰქონდა მუდმივ მუქარასა და ზეწოლას საჯარო მოხელეებზე. გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული რესურსი. გარდა ამისა, სოციალური დახმარების მიმღებ ამომრჩეველს დაემუქრნენ აღნიშნული დახმარების შეწყვეტით, თუ ისინი ხმას არ მისცემდნენ მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“.
კედერფელტმა როგორც აღნიშნა, ცესკოს მიკერძოებულობის შესახებ ეჭვები გაჩნდა იმის გამო, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის კვოტით ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა გაუქმდა.
„საარჩევნო კომისიების მიუკერძოებლობისადმი ნდობა ძალიან დაბალია“, - განაცხადა IRI-ის წარმომადგენელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კანონმდებლობა ყველა პარტიას არ აძლევდა სატელევიზიო არხებზე უფასო წინასაარჩევნო თავისუფალი დროის გამოყენების უფლებას.
გარდა ამისა, კედერფელტმა განაცხადა, რომ საარჩევნო უბნებთან ხალხის ჯგუფებმა, რომლებიც უბნების ტერიტორიაზე მოძრაობდნენ, შიშის ატმოსფერო შექმნა.
ყველა ახალი ამბავი
0