შეისწავლეთ ძალადობის ფაქტები - სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა
© courtesy of Levan Ioselianiლევან იოსელიანი
© courtesy of Levan Ioseliani
გამოწერა
არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი წარმომადგენელი და 23 ათასზე მეტი 111 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებელი აკვირდებოდა.
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შეისწავლონ და შეაფასონ საარჩევნო უბნებზე ყველა შესაძლო დანაშაულებრივი და კანონსაწინააღმდეგო ინციდენტი და მათზე რეაგირება მოახდინონ.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, საარჩევნო უბნებზე 17:30 საათისთვის დაფიქსირდა შემდეგი ინციდენტები:
ხმაურიანი ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი იყო თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე;
ხმაური და დაპირისპირება იყო ისანში, 51-ე საარჩევნო უბანზე;
დაძაბულობა იყო თბილისში, ისანში 30-ე საარჩევნო უბანთან;
ფიზიკურად გაუსწორდნენ თბილისში, ისანში, მე-9 საარჩევნო უბანთან ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელს;
სიტყვიერი დაპირისპირებისა და ფიზიკური ძალადობის მცდელობას ჰქონდა ადგილი გორში, 84-ე საარჩევნო უბანზე;
გორში, მე-14 საარჩევნო უბანთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას;
ზუგდიდში, მე-9 უბანზე ადგილი ჰქონდა რამდენიმე ფიზიკურ დაპირისპირებას;
თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანთან მომხდარი ერთ-ერთი ინციდენტის დროს დამკვირვებელი დაშავდა.
ახმეტაში, სოფელ მატანის #11 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონი წაართვეს;
საიას თანამშრომელს/დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ფიზიკურად გაუსწორდნენ ქუთაისში, მე-2 საარჩევნო უბანთან CNEWS -ის ჟურნალისტს;
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანთან, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები, ასევე დაზიანდა აპარატურა;
ტელეკომპანია „მთავარის” აპარატურის წართმევა სცადეს კახეთში.
„გავრცელებული ინფორმაციების გათვალისწინებით, საარჩევნო უბნებზე და შენობების მიმდებარედ მომხდარი ინციდენტების, დაძაბულობისა და დაპირისპირებების წინაპირობებს ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენდა პროცედურული დარღვევები, თუმცა, უმეტესად ინციდენტები განპირობებული იყო უბნების სიახლოვეს სხვადასხვა ჯგუფების მობილიზებით”, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
საქართველოში დღეს პირველად ჩატარდა არჩევნები პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით.
არჩევნებში მონაწილეობს სულ 18 პარტია, აქედან ხუთმა თავის პარტიულ სიებში კოალიციის პარტნიორთა პარტიული სიები შეიყვანეს.
დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ირჩევდნენ (საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას პარლამენტში სულ მცირე 113 დეპუტატის გაყვანა სჭირდება). მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება სულ 3.508.294 ამომრჩეველს ჰქონდა, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე აძლევდნენ ხმას.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ერთად, რომელზეც დამოკიდებულია თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დღეს ასევე ტარდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ხმის მიცემის პროცესს მონიტორინგს 1700-ზე მეტი საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს. პროცესს აშუქებს 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.