საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები-2024
არჩევნები-2024 - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2024
გამოწერა
საარჩევნო უბნები გაიხსნა 08:00 საათზე და 20:00 საათზე დაიხურა
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა - ამომრჩევლებს არჩევანი 18 სუბიექტს შორის უნდა გაეკეთებინათ.
საარჩევნო უბნები გაიხსნა 08:00 საათზე და 20:00 საათზე დაიხურა.
დღის განმავლობაში ჩხუბის შემთხვევები დაფიქსირდა თბილისში გლდანისა და ისნის რაიონებში, ქალაქ ზუგდიდში, ქალაქ გორში (შიდა ქართლის რაიონი) და დმანისის სოფელ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბნებზე.
ამასთან, მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში საარჩევნო ყუთში ბიულეტენების დემონსტრაციული ჩაყრის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა (ქვემო ქართლის რეგიონი). შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე „არჩევნების გაყალბების“ მუხლით აღძრა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არჩევნებს იგებენ და ამიტომ ოპოზიცია პროვოკაციებს აწყობს, ოპოზიციამ კი უპასუხა, რომ მმართველი პარტია სასოწარკვეთილების გამო ძალადობაზე გადავიდა.
მორიგი ინციდენტი თბილისის გარეუბანში, ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში მოხდა. მედიის ცნობით, აგრესიული ახალგაზრდების ჯგუფი, დაახლოებით ათი ადამიანი, პარტიის ოფისის ტერიტორიაზე მივიდა და იქ მყოფი ადამიანების შეურაცხყოფა დაიწყო.
სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. სანამ პოლიცია მოვიდოდა, ისინი ჩასხდნენ მანქანებში, რომლებითაც მივიდნენ და ტერიტორია დატოვეს. ერთ-ერთი მანქანის ფანჯრიდან „ქართული ოცნების“ დროშა ფრიალებდა.
არჩევნები მხოლოდ პარტიული სიებით, ანუ პროპორციული სისტემით გაიმართა. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებით გაიმართა. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა.
საქართველოს ტერიტორიაზე იყო გახსნილი 3044 საარჩევნო უბანი.
წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება სულ 3.508.294 ამომრჩეველს ჰქონდა, აქედან 95.910 უცხოეთში - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე აძლევდნენ ხმას.
ყველა ახალი ამბავი
0