თავდასხმა ოპოზიციონერზე თბილისში - გახარიას პარტიის ბრალდებები და „ქართული ოცნების“ პასუხი

© photo: Levan Gogichaishvili / FBლევან გოგიჩაიშვილი
ლევან გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2024
გამოწერა
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ წინა დღეს მას თავს დაესხა 20-მდე პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ.
მისი თქმით, ინციდენტი „პოლიტექნიკური უნივერსიტეტის“ მეტროსადგურზე მოხდა, როდესაც ოპოზიციონერი ერთ-ერთი ტელეკომპანიის სტუდიაში სტუმრის სტატუსით გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.
„ადამიანი მეძახის ვერ მიცანიო და ვთქვი ვერ გიცანი-თქო, საიდან უნდა მეცნო. რამდენიმე ადამიანი ჩაერთო ამ საუბარში, მერე ერთ-ერთი შეურაცხყოფაზე გადავიდა, მეც ვუპასუხე და ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება“, - განაცხადა პარტიის გოგიჩაიშვილმა.
პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ის თავს იცავდა და ამიტომაც მას მძიმე დაზიანებები არა აქვს.
გახარიას პარტიაში მომხდარში მმართველი პარტია დაადანაშაულეს. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ლევან გოგიჩაიშვილი ზუსტად იმავე მეთოდებით გახდა თავდასხმის მსხვერპლი „ოცნებისგან”, რა მეთოდებითაც „ნაციონალური მოძრაობა” ებრძოდა. ეს არის „ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის ტოლობის ნიშანი, აღნიშნა მან.
„ეს არის დამარცხებული პარტიის ქცევა, ამით ამ პარტიას ვერ შეაშინებენ. თმის ღერი ვერ ჩამოუვარდება პარტიის ვერცერთ წევრს. 26 ოქტომბერს გაფორმდება მათი მარცხი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის” მარცხი გაფორმდა 1 ოქტომბერს (2012 წლის - რედ.)”, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.
ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ უპასუხეს. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ძალადობა არასდროს ყოფილა და არც იქნება „ქართული ოცნების“ ხელწერა.
„ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავებაა ჩვენსა და "ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ყველაფერი, რაზეც პასუხი არ გააჩნიათ, უნდათ, რომ დააბრალონ "ქართულ ოცნებას“, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად აზროვნებს და ძალიან კარგი ანალიზის უნარი აქვს, ყველაფერს სწორად აფასებენ და ხვდებიან, როდის იტყუებიან და როდის არა", - განაცხადა მაჭავარიანმა.
თავის მხრივ, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ შსს-ს მოუწოდა, რომ უმოკლეს დროში გამოიძიონ ეს ფაქტი, რათა ბოლო მოეღოს „ამ პროპაგანდას“.
„ხაზგასმით მინდა ვთქვა, ნებისმიერი ფორმის ძალადობა ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ძალიან ოპერატიულად გამოიძიონ ეს საქმეც", - განაცხადა კირცხალიამ.
პოლიციამ უკვე გამოკითხა გოგიჩაიშვილი. სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური ძალადობის მუხლით აღიძრა.
ყველა ახალი ამბავი
0