საეკლესიო კალენდარი: 24 ოქტომბერი

© courtesy of Gela Kokiashviliბოლნისის სიონის აღმოსავლეთ ფასადი
ბოლნისის სიონის აღმოსავლეთ ფასადი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2024
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 ოქტომბერი მოციქულ ფილიპეს, შვიდი დიაკონთაგანის, ღირსი თეოფანე აღმსარებლის, მოწამეთა ზინაიდას და ფილონილას ხსნების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი
წმიდა მოციქული ფილიპე, მაცხოვრის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი, პალესტინის კესარიაში დაიბადა. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ თორმეტმა მოციქულმა წმიდანი იერუსალიმის ეკლესიის დიაკვნად დაადგინა. შვიდ პირველდიაკონს შორის უხუცესი იყო მთავარდიაკონი სტეფანე. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო და იუდეველებმა პირველმოწამე სტეფანე ქვებით ჩაქოლეს, ფილიპემ დატოვა იერუსალიმი. იგი სამარიაში გადასახლდა და აქ ავრცელებდა ქრისტეს სწავლებას.
ნეტარი რამოდენიმე ხნის შემდეგ იერუსალიმს დაუბრუნდა, სადაც მოციქულებმა ეპისკოპოსად აკურთხეს. ამ ხარისხში მოღვაწეობდა უფლის რჩეული ლიდიის ტრალიაში (მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით) და მრავალი სული შეჰმატა ქრისტეს ეკლესიას. წმიდა მოციქული ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. წმიდა ფილიპე მოციქული - შვიდ დიაკონთაგანი უნდა განვასხვაოთ სხვა ფილიპესგან - ათორმეტ მოციქულთაგანისგან, რომელიც 14 ნოემბერს იხსენიება.
ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი
ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი არაბეთში დაიბადა. იგი ღირსი თეოდორე გამომეტყველის უმცროსი ძმა იყო. ძმებმა ბრწყინვალე განათლება მიიღეს, განსაკუთრებით ფილოსოფიით იყვნენ დაინტერესებულნი. ღვთის შეცნობის წყურვილმა ისინი წმიდა საბას ლავრაში მიიყვანა. აქ ღირსი თეოფანე ბერად აღიკვეცა, რამდენიმე წლის შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.
წმიდა ძმები ხატმბრძოლთა მძლავრობისას განდიდდნენ უფლის წინაშე. იერუსალიმის პატრიარქის დავალებით ისინი კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ და ამხილეს მწვალებელი იმპერატორი ლეონ სომეხი (813-820). შემდგომში უფლის რჩეულები ხატმბრძოლ იმპერატორებს მიხეილ ენაბრგვნილს (ბალბას) (820-829) და თეოფილესაც (829-842) შეაგონებდნენ და უხსნიდნენ ხატთაყვანისცემის წმინდა წესს.
სიონის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2024
საეკლესიო კალენდარი: 23 ოქტომბერი
ნეტარი აღმსარებლები ოცდახუთი წელი იტანჯებოდნენ წმიდა ხატების დაცვისათვის. იმპერატორ თეოფილეს ბრძანებით ჯალათებმა მათ გახურებული ნემსებით შეურაცხმყოფელი სიტყვები ამოუტვიფრეს სახეებზე (ამიტომაც ეძახიან წმიდა მამებს „გამომეტყველებს“). „წერე, რაც მოგესურვება, საშინელ სამსჯავროზე წაიკითხავ შენს ნაწერს“, - უთხრეს თვითმპყრობელს ნეტარმა ძმებმა. თეოდორე საპყრობილეში აღესრულა (+833), თეოფანე კი გადაასახლეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ იგი გადასახლებიდან დაბრუნდა და ნიკეის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. მღვდელმთავარმა ასორმოცდაათამდე კანონი დაწერა, მათ შორის შესანიშნავი კანონი წმიდა ხატთა თაყვანისცემის დასაცავად. დაახლოებით 850 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოწამენი: ზინაიდა და ფილონილა
წმიდა მოწამენი: ზინაიდა და ფილონილა, ღვიძლი დები, პავლე მოციქულის ნათესავები და მოწაფეები იყვნენ. წმიდანებმა დატოვეს მშობლიური სახლი, კილიკიის ქალაქ დიმიტრიადის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში დასახლდნენ და აქ ატარებდნენ დღეებს დაუდუმებელ ლოცვასა და დაუცხრომელ ღვაწლში. ისინი ექიმობის ხელოვნებას ფლობდნენ, სნეულებს უსასყიდლოდ კურნავდნენ და ჭეშმარიტი ღვთისკენ მოქცევით მათ სულებსაც წამლობდნენ. ნეტარი დედების წმიდა ცხოვრება სათნოეყო უფალს და ისინი მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი გახადა: წმინდა ზინაიდა და ფილონილა ქვებით ჩაქოლეს (I).
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0