საპატრიარქო სასულიერო პირებს არჩევნების პერიოდში საკუთარ მოწოდებებში თავშეკავებას სთხოვს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2024
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, აღნიშნულია განცხადებაში
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციებისა და დაძაბულობის ფონზე, ვთხოვთ სასულიერო პირებს, თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება.

„თუმცა, ეკლესია ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ დღეს საქართველო უმნიშვნელოვანეს გზას გადის - ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და, მეორე მხრივ, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ისე საზოგადოების მხრიდან უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.
საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0