ივანიშვილი: ღარიბაშვილს რუსეთის წინააღმდეგ პარტიზანული ომის წარმოებისკენ მოუწოდებდნენ

© Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2024
გამოწერა
საქართველოს ომში ჩათრევა, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებშია.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ყვებოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში მას თუ როგორ მოუწოდებდა ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანი რუსეთთან პარტიზანულ ომში ჩართვას, რადგანაც რამდენიმე დღეში რუსეთი 3 მილიონი ქართველის ამოხოცვას ვერ მოახერხებდა, განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩათრევის, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის მიზნით მათზე ხორციელდება დიდი ზეწოლა. დასავლეთში მსგავს განცხადებებს დეზინფორმაციას უწოდებენ.
„როდესაც მასთან (ღარიბაშვილი - რედ.) ერთ-ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი ტიპის საუბარს აწარმოებდა, ირაკლი შეეკითხა - კი მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რამდენი დღე შეგვიძლია ვიომოთ, რამდენ დღეს გავუძლებთო? ალბათ, 3-4 დღეო, მერე 3-4 დღის გულისთვის გვღუპავთო?!", - მოიშველია ღარიბაშვილის სიტყვები ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, იმ დროისთვის პრემიერ ღარიბაშვილს მოსაუბრემ პარტიზანულ ომში ჩართვა შესთავაზა.
„თქვენ 3 მილიონი ხართ და 3-4 დღეში ყველას კი ვერ ამოგხოცავენ, შეგიძლიათ პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთ და ჩვენ იარაღს მოგაწვდით, დაგეხმარებით და იქიდან იომეთო. აი ეს იყო რეალობა", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, დასავლეთის წარმომადგენლები კაბინეტებში, დახურულ კარს მიღმა, მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ, იყო დიდი ზეწოლა, მაგრამ საჯაროდ ამბობდნენ, რომ მსგავსი მოთხოვნები არავის აქვს.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ორი წლის შემდეგ ევროპარლამენტმა გარისკა და 9 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ" ჩაწერა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე შეერთებისკენ მოწოდება.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი 2008 წელს ბუქარესტში ნატოს სამიტის თემასაც შეეხო. მისი თქმით, მაშინ საქართველო და უკრაინა არ მიიღეს ალიანსში, რადგან მათთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდათ.
„შევახსენებ საზოგადოებას, როგორი განცხადებები კეთდება დღეს დასავლეთიდან, ოღონდ, არცერთ შემთხვევაში ნატოს ომი არ უნდა დავუშვათ რუსეთთან. სწორედ ამიტომაც დაგვტოვეს ჩვენ გარეთ, გვაომეს და კიდევ უნდათ გვაომონ", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, 2008 წელს მაშინდელი ხელისუფლება უცხოელმა ბატონებმა დაარწმუნეს, რომ საქართველო ომში ჩაეთრიათ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ლიდერებს უცხოეთში სტუდენტობის დროიდან ასწავლეს და იქ დაიწყეს მსახურება, მონად გადაქცევა და სხვისი სურვილების ასრულება. ისინი ბოლომდე ვერ აცნობიერებდნენ რა უნდოდათ მათგან. ისინი დაეხმარნენ 2003 წელს რევოლუციის მოწყობაში, კიდევ რაღაცებში და ეგონათ, რომ ასე მარტივი იქნებოდა 2008 წლის ომი", - განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, წინა ხელისუფლებამ, რომელსაც წარმოადგენდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", კარგად არ იცოდა თუ რა ხდებოდა, როცა ხელი მოაწერა საზღვარგარეთ ვინმეს მსახურებას.
ივანიშვილის თქმით, დღეს ოპოზიციაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ „რადიკალურ ოპოზიციას“ და „კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს, ყველაზე საშიში არიან ისინი, ვინც აცნობიერებს, რას ითხოვენ მათგან - ეს არის მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული „ლელო საქართველოსთვის“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
საქართველოს ომში ჩათრევა, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებშია. ამ კონტექსტში საქართველოს ხელისუფლება მოიაზრებს უცხოეთში არსებულ გარკვეულ ძალებს, რომლებიც ფუნდამენტურ გავლენას ახდენენ აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე, დასავლეთში კი ამ განცხადებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
ყველა ახალი ამბავი
0