„უნამუსო ინტერპრეტაციაა" - ვოლსკი პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებაზე

© photo: Sputnik / StringerГგია ვოლსკი
Гგია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2024
გამოწერა
ვიცე-სპიკერმა დასავლელ კოლეგებს შეახსენა, რომ საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცდილობს სხვაგვარად წარმოაჩინოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რაც უნამუსო ინტერპრეტაციაა, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
ზურაბიშვილმა მანამდე განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მხარს უჭერს მის „ქართულ ქარტიას“ და დოკუმენტით გათვალისწინებულ სამოქმედო გეგმას. თუმცა, ამ განცხადების საპასუხოდ, ევროკავშირის დელეგაციამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს სხვა შინაარსის წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ევროკავშირი არ უჭერს მხარს არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას, მაგრამ მზადაა ითანამშრომლოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ დემოკრატიულ მთავრობასთან“.
„რა საკვირველია, უნამუსო ინტერპრეტაციაა. როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ თუ მამუკა ხაზარაძემ გაიმარჯვა მაშინ ევროპისკენ მივდივართ და თუ „ქართული ოცნება" არ დამარცხდა, მაშინ ევროპისკენ გზა ჩაკეტილი გვაქვს", - განაცხადა ვოლსკიმ.
წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით სალომე ზურაბიშვილმა სექტემბერში, ორბელიანების სასახლეში, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მიერ შექმნილი პარტია „საქართველოსთვის" და მამუკა ხაზარაძის პარტია „ლელო საქართველოსთვის" ირგვლივ შექმნილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ხელმძღვანელობა მიიწვია. გახარიას პარტიამ აღნიშნა, რომ გვერდზე გადადო საკუთარი პარტიული ინტერესები, მეორე მხარემ კი, ალბათ, ვერ მიაღწია შიდა კონსენსუსს, რის გამოც ამბიციური პოლიტიკოსების გაერთიანება ვერ შედგა.
ქარტიის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კომპლექსური რეფორმები უნდა ჩატარდეს, რომელიც ტექნიკურმა მთავრობამ უნდა განახორციელოს. ამის შემდეგ საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა გაიმართოს.
პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ 20-მდე პარტიამ მოაწერა ხელი - ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია მას ყველაზე ბოლოს შეუერთდა.
ვიცე-სპიკერმა თავის კომენტარში დასავლელ კოლეგებს შეახსენა, რომ საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას.
„კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს კოლეგებს ევროკავშირიდან და საერთოდ, მთელს მსოფლიოს ვუთხრა - ჩვენი სტანდარტი არის ევროპული. ჩვენ ყველა მაჩვენებლით ვჯობივართ, უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს ვიდრე ნებისმიერი კანდიდატ ქვეყანას", - განაცხადა ვოლსკიმ.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა, ხოლო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მიზეზად „გამჭვირვალობის“ კანონის მიღება და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკა დაასახელა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის პირველი დიპლომატები, ევროპელი დეპუტატები და ევროკავშირის ხელმძღვანელობა სულ უფრო მეტად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში. ზოგი საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ პრორუსულს უწოდებს.
ძირითადი ბრალდებებია - არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროება, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმა და შეთქმულების თეორიების გავრცელებას.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტო საგარეო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0