რა ნაბიჯებს გადადგამს ოპოზიცია არჩევნების დისკრედიტაციისთვის? „ქართული ოცნების" განცხადება
© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
მდინარაძის თქმით, არცერთი პარტია, გარდა „ქართული ოცნებისა“, არ მუშაობს ამომრჩეველთან.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციის ნაწილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დისკრედიტაციის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს, მათ შორის, ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატების დაზიანებას, ე.წ. კარუსელების იმიტაციას, განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
„ჩვენი ინფორმაციით, აგენტურული ოთხეულის წარმომადგენლები ასევე განიხილავენ არჩევნების დისკრედიტაციის სხვადასხვა პროპაგანდისტულ გზას, მათ შორის, ჩამოგითვლით რამდენიმეს მაგალითისათვის, რომ ფრთხილად იყოს საზოგადოება", - განაცხადა მდინარაძემ.
ოპოზიციის გეგმები საპარლამენტო არჩევნების დისკრედიტაციისთვის:
ყველა უბანზე ერთნაირი საჩივრების დაწერა;
ცესკოს საკომუნიკაციო არხების გადატვირთვა;
პარტიული საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე უარის თქმა მასობრივად;
საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა;
ხმის მთვლელი და ვერიფიკაციის აპარატების დაზიანება;
ე.წ. კარუსელების იმიტაცია;
ბიულეტენების მოპარვა და გადაყრა, თითქოს ქუჩაში ადამიანები პოულობენ ბიულეტენებს, რომლებიც კარუსელებისთვის იყო განკუთვნილი;
რამდენიმე ადამიანის მხრიდან მცდელობა, რომ უბნებზე შევიდნენ მეორედ და ამაზე შეგნებულად ხმაურის ატეხვა;
ბიულეტენების უბნიდან გატანის მცდელობა;
საჯაროდ დემონსტრირება ისეთი ფოტოების, სადაც ციფრ 41-ის წინ წრეა გაფერადებული, იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანებს აიძულებენ ხმის მიცემას მმართველი პარტიისთვის ფოტოგადაღების კონტროლით ყალბი აღქმის შექმნისათვის, რომ თითქოს ხმის მიცემის ფარულობა ირღვევა;
საკუთარი ხელით გადაკეცილი ბიულეტენების გადაღება, რომ თითქოს კონტროლდება, ვინ ვის მისცა ხმა.
„და ეს არ არის, რა თქმა უნდა, სრული ჩამონათვალი", - აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, მომავალი არჩევნები ისტორიაში შევა როგორც უპრეცედენტო.
„ბოლო კვირა დაიწყო არჩევნებამდე და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის უპრეცედენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან არ არსებობს არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ე.წ. საარჩევნო ველზე მუშაობს", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ოპოზიცია შემოიფარგლება მხოლოდ მედიაქტივობებით და მათი კამპანიის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს კონტენტის შექმნა ტელევიზიებისა და სოციალური ქსელებისათვის, სატელევიზიო ინტერვიუებისა და გადაცემებში მონაწილეობის სახით და ქვეყნის გარედან მათ დასახმარებლად გაკეთებული განცხადებების ტირაჟირებით და კომენტირებით.
გარდა ამისა, მოახლოებული არჩევნები უპრეცედენტოა იმ კუთხითაც, რომ ფაქტობრივ მოცემულობაზე დაყრდნობით ოპონენტებიდან ვერავინ იღებს ხმას ვერც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ვერც მოსყიდვაზე, ვერც არაკონკურენტულ საარჩევნო გარემოზე და ა.შ.
„წარმოიდგინეთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ, მმართველ პარტიას, იქით გვაქვს საპრეტენზიო ოპოზიციურ ძალებთან – მაგალითად, დღემდე, ამ მომენტამდე, „ნაცმოძრაობის“ არცერთ მედიას არც უცდია, რომ აღმოეფხვრა ის უსერიოზულესი დისბალანსი, რაც მათ ჩვენი სარეკლამო ვიდეორგოლების არგაშვებით შექმნეს", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბოლო სამი-ოთხი დღის განმავლობაში ორგანიზებული კამპანია, რომელშიც მთავარ როლს ჟურნალისტები ასრულებენ.
„კერძოდ, 15 ოქტომბრიდან დღემდე ასობით, ვიმეორებ ასობით პროვოკაციული ზარი განხორციელდა ჩვენს მომხრეებთან, მათ შორის, სხვადასხვა უწყებების, სამინისტროების თანამშრომლებთან თუ პარტიულ აქტივისტებთან", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გეგმებში არჩევნებზე კანონმდებლობის ოდნავი დარღვევაც კი არ შედის.
„არათუ რაიმე სახის დარღვევა და ამ გზით თუნდაც დამატებითი ერთი ხმის მოპოვება, არამედ კანონის ჩარჩოებიდან თუნდაც ძალიან მცირე, უმნიშვნელო სახის გადახვევაც კი არ ჯდება ჩვენს გეგმებში", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, თუ ვინმე ასეთ საკითხზე მმართველი პარტიის მომხრეებს დაუკავშირდება, ის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის ბოროტის მსურველია და აქვს ერთადერთი მიზანი – ჩრდილი მიაყენოს დემოკრატიულ არჩევნებს და იზრუნოს მის არალეგიტიმურად გამოცხადებაზე.
დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებულობას იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს „აგენტურული ოთხეული“ ფეიკ-კამპანიით დაბლოკოს უმრავლესობის ნება და გაწიროს ქვეყანა გარდაუვალი დაღუპვისთვის.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები 26 ოქტომბრის არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო- და აუდიოჩანაწერების გავრცელებას, სადაც ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და გამოსახულებები იქნება გამოყენებული. ამის მიზნად დესტაბილიზაციის კერების შექმნა დასახელდა.
სუსის ხელთ არსებული ინფორმაციით, ფალსიფიცირებულ აუდიოჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სუს-იდან გაჟონილ ინფორმაციას, რაც, ერთ მხრივ, ემსახურება უწყების დისკრედიტაციას და მეორე მხრივ, შექმნის დისონანსს სახელისუფლებო უწყებებს შორის.
აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს ასევე წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით აკვირდება აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.