პრეზიდენტის იმპიჩმენტი: კონსტიტუციურ წარდგინებაზე ხელმოწერების ნამდვილობა დადგინდა

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2024
გამოწერა
კომიტეტის მიერ ხელმოწერების ნამდვილობის დადგენის შემდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა.
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ წარდგინებაზე პარლამენტის წევრების ხელმოწერები შეამოწმა და მათი ნამდვილობა დაამტკიცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოქტომბრის დასაწყისში მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა განაახლა და იმპიჩმენტის მოთხოვნით ხელახალი კონსტიტუციური წარდგინება მოამზადა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ წარდგინებას 81 დეპუტატი აწერს ხელს.
როგორც საპროცედურო საკითხთა და კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის 178-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, განიხილა კონსტიტუციურ წარდგინებაზე დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგები.
„შემოწმების შედეგად დადგინდა საქართველოს პარლამენტის 81 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 178-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ხელმოწერების რაოდენობას, რაც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეადგენს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
პროცედურის მიხედვით, კომიტეტის მიერ ხელმოწერების ნამდვილობის დადგენის შემდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა.
მმართველმა პარტიამ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის განახლების მიზეზად პრეზიდენტის უცხოეთში უნებართვო ვიზიტები დაასახელა.
როგორც 7 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე რამდენიმე უცხოური ვიზიტი განახორციელა, მათ შორის ოქტომბრის დასაწყისში - საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.
პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ახალ კონსტიტუციურ წარდგინებას მოამზადებს, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება. აღნიშნულ საკითხზე კი ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე იმსჯელებს.
საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პირველი საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 2023 წლის სექტემბერში შევიდა.
2023 წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი.
წინა ჯერზე იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ინიციატორებს - საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა" წარმოადგენს - პარლამენტში საკმარისი ხმები არ ჰქონდათ. ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა, რადიკალურ ოპოზიციას შეუერთდა. ამასთან, როგორც მმართველი ძალა აცხადებს, ოპოზიციას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0