რაში სჭირდება „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა? ივანიშვილის პასუხი

© party "Georgian Dream"ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2024
გამოწერა
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მმართველი პარტია გეგმავს ცვლილებების შეტანას კონსტიტუციის მე-8 მუხლში, რომელიც ეხება სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობას.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში მას გამოიყენებს არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კონსტიტუციის დონეზე გასაძლიერებლად, განაცხადა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში ამომრჩეველთან შეხვედრაზე.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოში ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ზუსტად იციან, რომ ერის ადვილად დამორჩილება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა იგი ივიწყებს საკუთარ წარსულს, ისტორიას და ღალატობს მორალურ პრინციპებს.
„ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება, რათა კონსტიტუციის დონეზე დავიცვათ არასრულწლოვანთა ინტერესები და ოჯახური ღირებულებები“, – განაცხადა ივანიშვილმა.
გარდა ამისა, ივანიშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ „ქართული ოცნება“ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გასაძლიერებლად და დასაცავად და ეს საკითხი აისახება ქვეყნის მთავარ კანონში.
როგორც მან აღნიშნა, იმ ფაქტმა, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, დიდწილად განაპირობა ჩვენი ქვეყნის ევროპულობა.
„საკონსტიტუციო უმრავლესობის მივღების შემთხვევაში ჩვენ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით და ამ საკითხს კონსტიტუციაში ჩავრთავთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მინიმალურადაც კი არ შეზღუდავს საქართველოში მოქმედი რომელიმე რელიგიური კონფესიის უფლებებს. ამის გარანტი იყო, არის და იქნება „ქართული ოცნების" ხელისუფლება“, - განაცხადა ივანიშვილმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსის შემდგომი განმტკიცების ინიციატივა, პირველად, ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. როგორც ივანიშვილმა 31 აგვისტოს გურიაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს კონსტიტუციაში ნათლად აისახება მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს იდენტობის საყრდენის მისია. ასევე ხაზგასმული იქნება საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული როლი როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ქვეყნის თანამედროვეობაში.
სექტემბრის დასაწყისში წმინდა სინოდის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე პოლიტიკოსების ინიციატივას მხარი დაუჭირეს.
ამჟამად სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს მიღებული 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია (84,9%). ასევე არიან მუსლიმანები (10,9%), სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები (3%), კათოლიკეები (0,5%) და სხვა კონფესიების წარმომადგენლები (0,7%).
გარდა ამისა, 3 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის პროექტს და მისგან გამომდინარე 18 კანონში შესულ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანაში ლგბტ-პროპაგანდისს აკრძალვას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0