Magticom-მა 5G ქსელის დანერგვის აუქციონი მოიგო

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich5G ანტენები
5G ანტენები - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2024
გამოწერა
კომისიის გადაწყვეტილებით, აუქციონი გამოცხადდა 17 ლოტზე მეხუთე თაობის ინტერნეტის რეალიზაციის მიზნით.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. მობილური კავშირის უმსხვილესმა ოპერატორმა „მაგთიკომმა“5G ტექნოლოგიის დანერგვის მეორე აუქციონი მოიგო, იუწყება კომუნიკაციების კომისია.
კომისიამ პირველი აუქციონი 2023 წელს გამოაცხადა, მასში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი ოპერატორი - Selfie Mobile, რომელმაც ლოტების ნაწილი მოიგო.
კომისიის გადაწყვეტილებით, აუქციონი გამოცხადდა 17 ლოტზე მეხუთე თაობის ინტერნეტის რეალიზაციის მიზნით. აუქციონის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 700 მჰც და 3410-3710 მჰც და 2600 მჰც სიხშირული დიაპაზონი. „მაგთიკომს“ ამ სიხშირეებით სარგებლობის ლიცენზია 15 წლის ვადით მიენიჭა. „მაგთიკომმა“ განაცხადი ასევე შემოიტანა ცალკემდგომ ლოტებზე 700, 800, 3410-3710 და 2600 მჰც დიაპაზონებში, რომელთა აუქციონიც 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.
გამომდინარე იქიდან, რომ ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია კომუნიკაციების კომისიისთვის, კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების სურვილები და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ კომპანიებს აუქციონში მონაწილეობის მეორე შესაძლებლობა მისცა, რათა დანერგეთ მე-5 თაობის ტექნოლოგიები და მომხმარებელს ხარისხიანი მომსახურება შესთავაზონ.
აუქციონში გამარჯვებული „მაგთიკომი“ ვალდებულია, მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული რაიონები, ტურისტული ადგილები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი მაგისტრალები.
დღეს 5G-ის დანერგვის ექსკლუზიური უფლება აქვს ოპერატორ Selfie Mobile-ს, რომელმაც უკვე დანერგა 5G ზუგდიდში, ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმში, ქობულეთში, გონიოში, კვარიათში და აქტიურად აგრძელებს ამ პროცესს.
5G ქსელების აგებისას „მაგთიკომმა“ უნდა იხელმძღვანელოს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური სტანდარტებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხს და უსაფრთხოებას.
კომუნიკაციების კომისიამ აქტიური მუშაობა 5G ტექნოლოგიის დანერგვაზე ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. კომუნიკაციების კომისიის მიერ მე-5 თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის აუცილებელი პარამეტრები და პირობები ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და ევროპელი პარტნიორი მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით დადგინდა.
5G - ახალი თაობის უსადენო ინტერნეტის ტექნოლოგიაა, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს შეყოვნებას და, კომუნიკაციების სექტორთან ერთად, სრულიად ახალ დონეზე გაიყვანს ისეთ მნიშვნელოვან დარგებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. ეს კი თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.
ყველა ახალი ამბავი
0