„ლელოს“ კიდევ ბევრი წევრი დატოვებს - მაჭარაშვილი

© Parliament of Georgiaგურამ მაჭარაშვილი
გურამ მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2024
გამოწერა
პოლიტიკაში „ლელოს“ დამფუძნებლების, ბანკირების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოსვლა თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული, განცხადა დეპუტატმა
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. კოალიციამ „ძლიერი საქართველო“ („ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“, „თავისუფლების მოედანი“, „მოქალაქეები“) შესაძლოა ბევრმა პარტიელმა დატოვოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
ბოლო ორ დღეში აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევნებში მონაწილეობაზე პარტიის ერთბაშად ორმა წევრმა თქვა უარი - მერაბ ქურიძემ და სულხან კოჩალიძემ.
„პარტიის ძალიან ბევრმა წევრმა დატოვა პარტია და ძალიან ბევრი დატოვებს”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ პოლიტიკაში „ლელოს“ დამფუძნებლების, ბანკირების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოსვლა თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული.
„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ „ლელოს“, ხაზარაძეს ექნებოდა პრობლემები მოსახლეობასთან იმიტომ, რომ გადაგდება მისთვის არის ჩვეულებრივი პროცესი. მისმა არაერთმა ყოფილმა პარტნიორმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ამხილა ხაზარაძე ბიზნესში გადაგდებაში, თაღლითობაში და ასე შემდეგ. მას ეგონა, რომ პოლიტიკაში მოვიდოდა და შეაფარებდა თავს, მაგრამ აქ უარესი აღმოჩნდა, ეს ბიზნესთან შედარებით არის საჯარო სფერო“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
კოალიცია შეიქმნა ივლისში, როდესაც გაერთიანდნენ პარტიები „ლელო“ (მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე), „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე), „მოქალაქეები“ (ალეკო ელისაშვილი) და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ (ლევან ცუცქირიძე).
ვინაიდან არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ პარტიებს აქვთ, ყველა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი არჩევნებზე ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას. ამ მიზნით ხაზარაძის პარტიამ სახელი გადაირქვა - „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ეწოდა და ცესკოში ამ სახელწოდებით გაიარა რეგისტრაცია.
„ლელო“
2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის" შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2008 წელს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა.
2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, მაგრამ დანაშაულის ვადის ხანდაზმულობის გამო სასჯელი არ შეხებიათ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
ყველა ახალი ამბავი
0