თბილისის ყველაზე დიდი პარკი „მგზავრების“ გარეშე გაიხსნება

© courtesy of Oto Edisherashvili„მგზავრების“ კონცერტი
„მგზავრების“ კონცერტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2024
გამოწერა
თემქის ხევში , ნაგავსაყრელის ადგილას მოწყობილი ახალი სარეკრეაციო სივრცე ოფიციალურად 20 ოქტომბერს გაიხსნება.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. 20 ოქტომბერს ნაძალადევის რაიონში, თემქის დასახლებაში ახალი რეკრეაციული სივრცის - ზღვისუბნის პარკის ოფიციალურ გახსნაზე ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება, იუწყება თბილისის მერია.
პარკის გახსნის შემდეგ კონცერტი გაიმართება, მაყურებლის წინაშე პოპულარული ჯგუფი „მგზავრები“ უნდა გამოსულიყო, რომელმაც 17 ოქტომბერს სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კონცერტი გააუქმა.
„საქართველოს მომავალი ევროპაშია“, - წერს ჯგუფი სოციალურ ქსელში.
„სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლეს იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ”, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
მიუხედავად ამისა, კონცერტი მაინც შედგება.
„20 ოქტომბერს, 20:00 საათზე, გეპატიჟებით ყველას ზღვისუბნის პარკში, სადაც კონცერტი და დაუვიწყარი საღამო გელოდებათ. მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარს მოიცავს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაშენდა და იგი სულ მალე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობად იქცევა”, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თემქის ხევში საქალაქო პარკის რამდენიმეწლიანი სამშენებლო სამუშაოები ამ დღეებში დასრულდა. პროექტის განხორციელება თბილისის მერიას 40 მილიონი ლარი დაუჯდა.
პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინი ფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ბელვედერი, ფანჩატურები, ძაღლების სასეირნო სივრცე, სკეიტ პარკი, ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები.
გარდა ამისა, მოეწყო ორი საფეხმავლო ხიდი, რომლებიც თემქის ხევის მიმდებარედ არსებულ სხვადასხვა მიკრორაიონს ერთმანეთთან აკავშირებს. პარკის ტერიტორია გაყოფილია ორ ნაწილად, რომელსაც საფეხმავლო გვირაბი აკავშირებს.
ტერიტორიაზე სადაც ადრე ნაგავსაყრელი იყო, ასევე დაირგო 75.000 სხვადასხვა სახეობის ნერგი.
ზღვისუბანი – ეს სახელწოდება XX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა, თბილისის წყალსაცავის იგივე „თბილისის ზღვის“ შექმნასთან დაკავშირებით, როდესაც „ზღვას“ უშუალოდ მოადგა ქალაქის განაშენიანებაც. ზღვისუბანი მოიცავს ლოტკინის გორის დასახლებას და ავჭალის მიმდებარე ტერიტორიას. საბჭოთა პერიოდში დღევანდელი უბნის ტერიტორიაზე აშენდა „თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა“, რომლის სახელწოდების შემოკლების მიხედვით უბანსაც თემქას უწოდებდნენ. თემქის დასახლებას ჯერ „ხევძმრის დასახლება“, შემდეგ კი „ზღვისუბნის დასახლება“ ეწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0