როგორც იქნა! რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გაიხსნა

© Courtesy of Tbilisi City Hall საბაგირო რუსთაველზე
საბაგირო რუსთაველზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2024
გამოწერა
დღეიდან მგზავრებს 21 ერთეული 8-კაციანი გონდოლა მოემსახურება, რომელიც მანძილს 4,07 წუთში დაფარავს.
თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. რუსთველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა, იუწყება თბილისის მერია.
წრიული, ერთბაგირიანი, გონდოლური საბაგირო გზა წარმოადგენს საინჟინრო ნაგებობას, რომელშიც შედის ქვედა და ზედა სადგურები და სადგურებს შორის არსებული ხუთი საყრდენი ანძა.
საბაგიროს რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა და კეთილმოეწყო ქვედა სადგურის ინტერიერი. აღნიშნული სადგური წარმოადგენს ძველი საბაგირო გზის რკინაბეტონის შენობისა და მასზე მიშენებული ლითონის კონსტრუქციის შენობის შერწყმას.
გარდა ამისა, აშენდა ზედა ამძრავი სადგური და მოეწყო ხუთი საყრდენი ნაგებობა. სადგურებს შორის გაიჭიმა ბაგირის (d = 47 მმ) ორი შტო, რომლის მეშვეობითაც გონდოლები იმოძრავებს სადგურებს შორის 5 მ/წმ-ის სიჩქარით. მგზავრებს 21 ერთეული 8-კაციანი გონდოლა მოემსახურება და მანძილს 4,07 წუთში დაფარავს. საბაგირო გზა ერთი მიმართულებით, საათში 1200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს.
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის საბაგირო გზის სამშენებლო ნაწილზე პასუხისმგებელი იყო სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საინჟინრო ნაწილი განახორციელა საერთაშორისო კომპანია „დოპელმაიერმა“, რეაბილიტირებული საბაგირო გზა კი სამართავად „მთაწმინდის პარკის“ ადმინისტრაციას გადაეცა.
რუსთაველი–მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 50 მლნ ლარს.
მერიაში ასევე აღნიშნავენ, რომ რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, საბაგიროს ქვედა სადგურის მიმდებარედ სკვერი მოეწყო.
სკვერში, რომლის ფართობიც 1.300 კვადრატული მეტრია, ავთენტური სახით მოეწყო განათების ბოძები, მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკები, აღდგა ორი შადრევანი, შეიცვალა ინფრასტრუქტურა და განთავსდა ახალი საპარკე ავეჯი. ასევე, მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაიგო ბალახი. ამ სამუშაოების ღირებულებამ 700 000 ლარი შეადგინა.
მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი საბაგირო გზის ქვედა სადგური მეტროს სადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის ეზოში მდებარეობს. საბაგირო 1958 წელს გაიხსნა და მან 1990 წლის ზაფხულში მომხდარ კატასტროფამდე იმუშავა. მაშინ ბაგირის გაწყვეტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.
ამჟამად თბილისში სამი საბაგირო გზა ფუნქციონირებს. ერთი რიყის პარკსა და ნარიყალას აკავშირებს, მეორე – ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას, ხოლო მესამე – ბაგებსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს.
ყველა ახალი ამბავი
0