საქართველოში ვეტერანის დღე აღნიშნეს

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი გმირების მემორიალთან
ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი გმირების მემორიალთან - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2024
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვეტერანების, ვეტერანებთან გათანაბრებულ პირთა და მათი ოჯახის წევრების რაოდენობა 67.131 ადამიანს შეადგენს.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ვეტერანებს „ვეტერანთა დღე” მიულოცეს.
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.
„მინდა მოგილოცოთ ვეტერანთა დღე ჩვენს ძვირფას ვეტერანებს, თავდაცვის ძალების, პოლიციის, სპეციალური სამსახურების ღირსეულ მებრძოლებს, სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებს. ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მმართველმა გუნდმა დაიწყო აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით.
„ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით, საფუძველი ჩავუყარეთ ვეტერანთა საქმეების სამსახურის შექმნას და ვეტერანებზე ზრუნვა პრიორიტეტად ვაქციეთ. ამ წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით თქვენი დამსახურებების სათანადოდ დასაფასებლად", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც სახელმწიფომ ვეტერანებისა და მათი ოჯახების ხელშეწყობისთვის აამოქმედა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის დაწესდა ყოველთვიური სახელმწიფო კომპენსაცია, რომელიც მზარდია და თუ 2014 წელს ის 500 ლარი იყო, დღეისათვის უკვე 1200 ლარს შეადგენს.
მოიხსნა შეზღუდვა, რომლის თანახმად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება ჰქონდათ მხოლოდ საპენსიო ასაკის ვეტერანებს. შედეგად, დახმარების მიღება შეძლო დაახლოებით 45.000-მა ვეტერანმა. დაწესდა შეღავათები, მათ შორის, საგადასახადო კუთხით მუნიციპალური ტრანსპორტით და მატარებლით მგზავრობაზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებითა და სხვა მომსახურებებით სარგებლობაზე.
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში შეიქმნა ვეტერანთა პაკეტი, რომლის ფარგლებშიც ვეტერანებს სამედიცინო მომსახურება, 15 000-ლარიანი წლიური ლიმიტის ფარგლებში, 100%-ით უფინანსდებათ. ამოქმედდა ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის პროგრამა.
განათლების მიმართულებით, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ვეტერანთა შვილები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდებიან.
პროგრამით სარგებლობისას, უპირატესი უფლება ვეტერანებს ენიჭებათ. სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში, ჩამოყალიბდა ვეტერან ფერმერთა ასოციაციები, კოოპერატივები, მეურნეობები.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს ვეტერანთა ხელშეწყობას და შესაბამისი პროგრამების გაფართოებას. მათ შორის, აღნიშნული საკითხები გათვალისწინებული იქნება 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშიც.
„ჩვენი გეგმების განსახორციელებლად და ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის უმთავრესი პირობაა მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება. თქვენ, ვეტერანებმა ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი. მადლობას გიხდით გმირობისთვის, სამშობლოსათვის თავდადებისთვის, იმ წვლილისათვის, რაც შეგაქვთ საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანიც. მან ვეტერანებს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისა და გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვეტერანის სახელი ყოველთვის იწვევს განსაკუთრებულ პატივისცემას და მადლიერებას. ხელისუფლებისა და საზოგადოების ვალია, პატივი მიაგოს სამშობლოსათვის თავდადებულ რაინდებს, თავის ვეტერანებს. ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ჩვენი სახელოვანი ვეტერანები იყვნენ სათანადოდ დაფასებული და მათი ცხოვრების პირობები იყოს გაუმჯობესებული“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ. აგრეთვე, მეუფე ეფრემმა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მილოცვის წერილი წაიკითხა.
ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო მისიებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
ყველა ახალი ამბავი
0